სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა კობალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აპრილს არის ჩანიშნული.
როგორც გავარკვიეთ, 7 მარტს დაკავებული კობალაძე პროკურატურას ჯერ არ დაუკითხავს. მისი ადვოკატის ხათუნა კეჭაყმაძის თქმით, ბრალდებული ჩვენების მისაცემად მზადაა:
_ არც შემოგვხმიანებია არავინ. გელა არ არის ჩვენების მიცემის წინააღმდეგი და გვინდა, რომ ამ საქმეს დროულად მოეფინოს ნათელი, _ ამბობს კეჭაყმაძე.
მისივე თქმით, გამოძიებამ ვიდეო ჩანაწერების ექსპერტიზა დანიშნა, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა ჩატარდეს.
_ არცერთ ჩანაწერში, რომელიც საქმის მასალებში დევს არ ხსენებულა ქრთამი. ერთადერთი, რაც აქვთ, არის გელას კომენტარი _ „მეტი რა გავაკეთო“. თუმცა, ეს არაფერს ამტკიცებს. ერთ ჩანაწერში ეუბნება, რომ მოუტანს 50 000-ს და აქ წყდება კადრი. თავიდან, მე მინდოდა დამეყენებინა ჩანაწერების ექსპერტიზის მოთხოვნა _ არის თუ არა სრული, ხომ არ არის დამონტაჟებული და ა.შ, თუმცა, ეს თავად გამოძიებამ გააკეთა, რადგან კითხვებს აჩენს ყველა ჩანაწერი, _ აღნიშნავს ადვოკატი.
ხათუნა კეჭაყმაძე გვიყვება, რომ არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სერგი ცინცაძეს, რომელმაც კობალაძე ჩაწერა მისი ვალი ჰქონდა.
_ ცინცაძის პიროვნების შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. ყველასთვის ცნობილია, რომ მისთვის მსგავსი სქემები უცხო არ არის. გამოძიების მიერ გავრცელებულ ჩანაწერს თუ კარგად მოუსმენთ, მიხვდებით, რომ ცინცაძეს სხვა მიმართულებით მიჰყავს საუბარი და ცდილობს ეჭვები გააჩინოს, მაგრამ უჭირს მიზნის მიღწევა. როგორც გითხარით, საქმეში არსებულ არცერთ ჩანაწერში არ არის საუბარი, რომ ამ თანხას კობალაძე ითხოვს კონკრეტული საქმის სანაცვლოდ. ის სთხოვს მის კუთვნილ თანხას, _ აღნიშნავს კობალაძის უფლებადამცველი.
_ ქალბატონო ხათუნა, როგორც გავარკვიეთ, კობალაძეს ცინცაძესთან ხელშეკრულება არ ჰქონია. თუკი ამ უკანასკნელს მისი ვალი მართლაც ჰქონდა, მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფოს გადასახედებს უმალავდა და კარიერიდან გატანილ მასალას არ აფორმებდა…
_ ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ გელა კობალაძეს ქრთამი არ აუღია, _ გვითხრა კეჭაყმაძემ.
ადვოკატი ერთ საინტერესო დეტალსაც გვიმხელს _ მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება რომ გურამ მონიავა, რომელმაც ანტიკორუფციულ სამსახურს განცხადებით მიმართა, კობალაძის დაკავების დროს კომპანია „პირამიდას“ თანამშრომელი არ ყოფილა, რადგან დამფუძნებლებმა, აზერბაიჯანულმა მხარემ, ის სამსახურიდან გაუშვა. ამას ისიც ემატება, რომ კომპანია ‘პირამიდას“ თანამშრომელი არც ცინცაძე იყო, რაც ქალაქ ოზურგეთის მერიაში, კომპანიის მიერ გაგზავნილი ოფიციალური წერილითაც დასტურდება.
კეჭაყმაძის თქმით, ამ დოკუმენტაციის წარდგენამ გამომძიებლებიც გააოცა, რადგან აღნიშნული ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ ყოფილა:
_ ეს დოკუმენტები სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს წარვუდგინე და პროკურატურამაც არ იცოდა ამის შესახებ არაფერი. გაუკვირდათ, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობდა. ვფიქრობ, რომ ამის გათვალისწინებით, გამოძიება ჩიხში შევა, რადგან დასტურდება, რომ პირები, რომლებისგანაც თითქოს ქრთამს ითხოვდა კობალაძე არ იყვნენ „პირამიდას“ თანამშრომლები. შესაბამისად, ქრთამი ვისგან და რისთვის უნდა აიღო? ეს დოკუმენტები ხელმოწერილია, ნოტარიუსის მიერ არის დამტკიცებული და ამას ვერავინ გაექცევა. ხელშეკრულების გაგრძელებაზე რომ ესაუბრება ცინცაძე, ეს ნაწილიც საინტერესოა, რადგან, როგორც გითხარით ის არ იყო ამ კომპანიაში უფლებამოსილი პირი, ისევე, როგორც მონიავა, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადვოკატი.
ხათუნა კეჭაყმაძის თქმით, მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, არ არის გამორიცხული პროკურატურას საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართოს:
_ არსებობს დოკუმენტი, რომ გელა კობალაძეს ნამდვილად ჰქონდა კარიერი, ჰყავდა სატვირთო მანქანები. ახლა ადამიანები უნდა დავკითხოთ, რომლებიც დაადასტურებენ რომ ცინცაძეს კობალაძის ვალი ჰქონდა და თუ ეს ყველაფერი დამტკიცდა, ვფიქრობ რომ გვაქვს საფუძველი იმისა, რომ საქმის შეწყვეტა მოვითხოვოთ, _ ამბობს კობალაძის უფლებადამცველი.
ჩვენ შევეცადეთ ამ საკითხზე სერგი ცინცაძის და გურამ მონიავას კომენტარები მოგვეპოვებინა, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. კომენტარს არც პროკურატურაში აკეთებენ.
ამავე თემაზე იხილეთ: თაღლითობაში ბრალდებული მთავარი მოწმე და ბევრი თეთრი ძაფი კობალაძის საქმეში