„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი ლანჩხუთში კახა ასკურავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომ სოფელ ჯურუყვეთში ერთ-ერთი ამომრჩევლის მისამართზე ერთიან საარჩევნო სიაში დამატებით 258 პირი ფიქსირდება.
„ასე აპირებთ ოთხშაბათს შედეგის მიღწევას?! იმის პატივი მაინც დასდეთ იმ ოჯახს, საქმის კურსში იყოს, ნახევარი სოფელი რომ ჰყავს ჩაწერილი ამ გაჭირვების ჟამს, _ წერს ასკურავა საკუთარ ფეისბუქგვერდზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მისამართით.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „გურია ნიუსი“ ცესკოს პრესმდივანს ანა მიქელაძეს დაუკავშირდა, რომელიც ასკურავას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას მცდარად მიიჩნევს.
„სოფელ ჯურუყვეთში ორი საარჩევნო უბანია, სადაც ერთ უბანზე 655 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მეორეზე – 707. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, როგორ ამოუგდო სიის გადამოწმებისას კახა ასკურავას 258 ამომრჩეველი, როცა ზემოთ მოგახსენეთ თითოეულ უბანზე თუ რამდენი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სოფელ ჯურუყვეთის დამისამართება ჯერ არ გახორციელებულა, ამიტომ ძებნისას აგდებს ამომრჩევლის სრულ სიას“, _გვითხრა მიქელაძემ.