“ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ბესო მელუა “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმე წუთში ოზურგეთიდან წასული კოლონა დედაქალაქში იქნება.
_ თბილისის აქციაზე მე მივდივარ ახალგაზრდებთან ერთად. ძალიან ორგანიზებულია ყველაფერი.
_ ოპოზიციის წევრები საუბრობენ, რომ ეს აქცია სინამდვილეში, არ ეხება ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას…
_ ეს არის გამორიცხული. ოპონენტები კი ავრცელებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ, მინდა შევახსენო “ნაცმოძრაობას“, როგორ მიჰყავდათ ხალხი აქციებზე. მათ უნდათ ასე იყოს “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ დაანონსებული აქცია, მაგრამ, არ არის და ეს არის რეალობა. ეს არის ის აქცია, რაც არის დაანონსებული და აქ სხვა კითხვები არ არსებობს.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პედაგოგებზე გახორციელდა ზეწოლა, რადგან აქციაზე უნდა წამოსულიყვნენ…
_ მე პირადად გამოვრიცხავ ამ ინფორმაცია. ათამდე პედაგოგსაც ვერ დაითვლი, რომელიც ოზურგეთიდან აქციაზე მიდის. ესენი, არიან ჩვენი მხარდამჭერები და თან დღეს შაბათია. ღიად ვამბობ, არც ადმინისტრაციული რესურსი დახარჯულა, არც ადამიანებზე ზეწოლა მომხდარა და არც ვინმესთვის რამე დაგვიძალებია.
_ რატომ შეირჩა გასვლის ადგილი სოფელი ნაგომარი, ამას რამე დატვირთვა აქვს?
_ არა, არანაირი დატვირთვა ამას, არ ჰქონია. იქ იყო შერჩეული ადგილი, საიდანაც ყველა წამსვლელი ერთად გავიდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 საათზე, თბილისში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლის ორგანიზატორი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთაა.