“ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესის შეფერხების მიზეზად, თენგიზ ცერცვაძე გადაზიდვის პრობლემას ასახელებს.
“შეფერხება AstraZeneca-ს მეორე დოზის გაკეთებაში გამოიწვია ტექნიკურმა ფაქტორმა. ვაქცინა შეძენილია, მისი ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო სამი დღის წინ. რამდენადაც მე ვიცი, გადაზიდვის პრობლემა იყო – ვაქცინის ის პარტია, რომელიც უნდა ჩამოსულიყო სამი დღის წინ, რატომღაც, თვითმფრინავის იმ რეისზე ვერ მოხვდა. რამდენიმე დღეში ის პარტია ჩამოვა, საკმაოდ დიდი პარტიაა, 43 000 დოზა და არავითარი პრობლემა არ იქნება,”-აცხადებს ცერცვაძე.
ცნობისთვის, AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრის პრობლემა ქვეყანაში 5 000 მსურველს შეექმნა. სახელდება დეფიციტის ორი სავარაუდო მიზეზი – შეფერხებული მოწოდება და არეული მონაცემები. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ვინც AstraZeneca-ს მეორე დოზით უნდა აცრილიყო, დათქმული ვადებში ინექციას აუცილებლად მიიღებს.