ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ 2023 წელს დაანონსებული 4 საბავშვო ბაღის ასაშენებლად ახალი ტენდერი გამოცხადდება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსისთვის” მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულ წერილშია ნათქვამი.
როგორც უკვე ვწერდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 50 ბავშვზე გათვლილი ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების (საჭიროებისამებრ) და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. საუბარია სოფელ გუთურის, გოგოლესუბანის, ზომლეთისა და შუა ამაღლების საბავშვო ბაღებზე.
თუ რატომ შეწყდა ელექტრონული ტენდერი “გურია ნიუსმა” ამ კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდს წერილობით 19 მაისს მიმართა.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულ პასუხში წერია:
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს შესაბამისად, გიგზავნით მიმდინარე წლის 19 მაისის #2143 თქვენი განცხადებით მოთხოვნილ, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (შემდგომში – „ფონდი“) არსებულ საჯარო ინფორმაციას:
გაცნობებთ, რომ ფონდის მიერ 2025 წლის 31 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი (NAT250006487) შეწყდა ქვეყანაში სამშენებლო სამუშაოების საპროექტო მოთხოვნებისა და პრინციპებისადმი მიდგომების ცვლილების საფუძველზე. ტენდერის შეწყვეტა განხორციელდა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის No12 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ბაღების მშენებლობის ტექნიკური დავალების განახლება, რის შემდეგაც გამოცხადდება ახალი ტენდერი”.
































































