“ქართული ოცნების” თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაისაჯოს ფარცხალაძე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია, ან ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის დანაშაული, გაუგებარია. არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს. რაც შეეხება იმას, რაც საზოგადოებას და თქვენც გაინტერესებთ, დაახლოებით ერთი თვეა დაიჭირა „რუსთავი 2“–მა ეს თემა და თქვენც ეხმარებით. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მე ჩაგეკითხეთ, რადგან თქვენ ამბობთ, რომ კაცი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ გაქვთ საფუძველი, რატომ უნდა მოხდეს ეს. ჟურნალისტი ითხოვთ დასჯას. ამ კაცს დასაჭერი არაფერი არ აქვს. რაც შეეხება ბიზნესმენებს, მე ვცდილობ დავეხმარო მათ, რამეთუ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები ამ ქვეყანაში და არა ხელისუფლებამ. ადამიანებმა უნდა მოახერხონ და შესატყვისი ანაზღაურება უნდა მიიღონ. რაც შეეხება ბიზნესმენებს, ძალიან კარგია, რომ ისინი დადიან ჩემთან და ასეც გაგრძელდება. სწორედ ეს იყო ოქუაშვილის მოსვლის საფუძველი და ამ მიზეზით მოვიდა თავიდანვე ყიფიანი ჩემთან, რომ თამბაქოზე ჰქონდათ პრობლემები. როცა შევჯერდით, რომ მე დავაფინანსებდი ამას, თამბაქოს წარმოებაში ყიფიანსაც ექნებოდა წილი. 10 მლნ იქნებოდა პროექტის ღირებულება. ყველაზე დიდ რისკს ამ პროექტში იღებდა თანაინვესტირების ფონდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აღნიშნული პასუხი მან დიანა ტრაპაიძის კითხვას გასცა, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ არ ისჯება ოთარ ფარცხალაძე, ან რატომ დადიან ზაზა ოქუაშვილის მსგავსად ბიზნესმენები ივანიშვილთან „საქმის მოსაგვარებლად“.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ის ბევრ ბიზნესმენს ხვდება და კარგ პროექტებს გეგმავს. საქმის მოსაგვარებლად იყო მისვლა კი არც ფალსიფიცირებულ ჩანაწერებში არ ჩანდა.
„მე როგორც ვიცი, ფარცხალაძეზე გამოძიება გრძელდება და ჩამოსულები არიან პროფესიონალი პროკურორები“, – განაცხადა ივანიშვილმა.