„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სიღარიბე აღმოვფხვრათ საბოლოოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში და თუ ამის საშუალებას გვაძლევს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც არ არის, ამავდროულად, ზიანის მომტანი, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
კანაფის კულტივაცია-წარმოების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავარია, მოხდეს ინფორმირება საზოგადოებისა, რომელსაც კანონპროექტის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, აქტიური კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.
„ჩვენ ვთქვით, რომ გვექნება აუცილებლად კონსულტაციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ ინფორმირება მოვახდინოთ საზოგადოების იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითვალისწინებდა ეს კანონპროექტი. არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდა საზოგადოებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ის ითვალისწინებდა ნარკოტიკების წარმოებას. პირველ რიგში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირება. მოვახდენთ ინფორმირებას, იქნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
საკმაოდ რთული სამუშაო რეჟიმი გვაქვს ახლა, გამომდინარე, მათ შორის, არჩევნებიდან, შესაბამისად, ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გვექნება შესაბამისი დრო და საშუალება, რომ დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები. ამასთან დაკავშირებით, გარკვეული შეხვედრები უკვე შედგა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, თუმცა, ინტენსიურ კონსულტაციებს რაც შეეხება, როგორც კი მოგვცემს ამის საშუალებას გრაფიკი, დრო, მაშინვე დავიწყებთ კონსულტაციებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ინიციატივასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს წარმომადგენლების საქმის კურსში ჩაყენების სურვილი მმართველმა გუნდმა გამოხატა.
„ჩვენ გვქონდა საუბარი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, პირადად პატრიარქთან, ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ ჩავაყენოთ საქმის კურსში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინიციატივაზე იყო საუბარი, ვითხოვეთ ჩვენ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და შედგება ასეთი კონსულტაციები აუცილებლად საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმასთან დაკავშირებით, რომ არაფერს ცუდს ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას მივიღებთ ფართო კონსესუსის საფუძველზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობს დეტალური გათვლები, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ცვლილებებმა დიდი სარგებელი მოიტანოს.
„არსებობს დეტალური გათვლები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სარგებელი აქედან შეიძლება იყოს ძალიან დიდი. ძალიან დიდ სარგებელზეა საუბარი და ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ თუ ერთი მხრივ, ზიანი არ მოაქვს ამას საზოგადოებისთვის, და მეორე მხრივ, სარგებელი თუ არის ძალიან დიდი ეკონომიკისთვის და ძალიან დიდი საზოგადოებისთვის, მაშინ რატომ უნდა ითქვას ამაზე უარი. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი. საუბარია ძალიან დიდ სარგებელზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არის სერიოზული პრობლემები გამომდინარე იმ ეკონომიკური მონაცემებიდან, რომელიც არსებობს, რომელიც დაგვხვდა 2012 წლამდე და რომელიც იზრდება, მაგრამ, ბუნებრივია, საკმარისი არ არის სიღარიბის დასაძლევად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სიღარიბე აღმოვფხვრათ საბოლოოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში. თუ იქნება ახალი ინიციატივები ნაცვლად, სადღაც, 8-10 წელიწადისა, შეიძლება, ამას დასჭირდეს პირობითად, 6-8 წელიწადი. თუ ამის საშუალებას გვაძლევს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც არ არის, ამავდროულად, ზიანის მომტანი, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი. აქ საუბარია, კიდევ ერთხელ, საზოგადოებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს კანონპროექტზე უარი არ უთქვამს.
„ზუსტად ამიტომ არ ვამბობთ უარს, რომ ამაზე გვინდა საზოგადოების ინფორმირება, ეკლესიის წარმომადგენლების ინფორმირება, რომ, ერთი მხრივ, არ არის ზიანი, და მეორე მხრივ, არის დიდი სარგებელი. თუ ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით, ამ შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას განხილვის გაგრძელების თაობაზე.
ამ ეტაპზე ჩვენი თხოვნა იყო, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, რომ შედგეს გარკვეული კონსულტაციები და მოხდეს ინფორმაციის გაცვლა კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.