‘’ვივუსი“, ‘’სისილოუნი’’, ‘’პრობლემური აქტივების ბიურო’’, ‘’კრედიტ მენეჯმენტი’’, ‘’ონლაინ ფინანსი’’, ‘’ემას კრედიტი’’, ბანკი ,,კრედო“, mycredit.ge, сrediton.ge, gocash.ge _ ეს ის ფინანსური ინსტიტუტებია, რომლებიც სესხების განულების პროგრამაში არიან ჩართულნი და დავალიანების მქონე პირებს, სესხი უნდა გაუნულონ, თუმცა, მათი წარმომადგენლები, ადამიანებს ურეკავენ და სთხოვენ, დავალიანების დაფარვას. ზოგმა კომპანიამ სესხის ამოღების მიზნით სასამართლოს სარჩელითაც კი მიმართა.
,,გურია ნიუსს“, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ათეულობით ადამიანმა მიმართა. მათი განცხადებით, იმისთვის, რომ სესხი გაუნულდეთ, ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, მაგრამ სპეციალურად შექმნილ საიტზე _ ,,vali.ge”- ზე საკუთარი მონაცემები ვერ აღმოაჩინეს. ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები კი თითქმის ყოველდღიურად უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ აღნიშნული პროგრამა მათზე არ ვრცელდება და თუ დავალიანებას არ დაფარავენ, მოხდება იძულებით აღსრულება _ დაუყადაღდებათ საცხოვრებელი სახლები, საბანკო ბარათები და შეეზღუდებათ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა.
სესხების განულება, ძირითადად, ე.წ. „ხანდაზმულ“ სესხებს, ანუ იმ მოვალეებს შეეხოთ, რომელთაც დავალიანების გადაუხდელობიდან 3 წელი ან მეტია გასული. სპეციალისტთა თქმით, შესაბამისად, ფონდი ,,ქართუ“ მსგავსი ტიპის სესხს არ შეისყიდის, რადგან კანონის საფუძველზე, დავალიანების მქონე პირებს სესხი ისედაც ჩამოეწერებათ.
გთავაზობთ რამდენიმე ადამიანის წერილს, რომლებმაც დახმარების თხოვნით მოგვმართეს:
ს.ც. _ ,,სისილოუნში“ მქონდა 300-ლარიანი სესხი, რომლის გადახდა სამსახურის დაკარგვის შემდეგ ვერ შევძელი. მას შემდეგ გასულია 2 წელი. VALI.GE გადავამოწმე, მაგრამ ჩემი მონაცემები ვერ აღმოვაჩინე. განულების პროგრამაში ჩასართავად ყველანაირ კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ და ვერ გავიგე, რატომ არ მინულდება სესხი, იქნებ დამეხმაროთ“;
თ.კ. _ ,,ბანკ ,,კრედოში“ მქონდა სესხი, რომლის გადახდა ვერ შევძელი. ძირი თანხა იყო 1200 ლარი, მას შემდეგ გავიდა 18 თვე. შევამოწმე სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, მაგრამ ჩემი სესხის ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია ვერ ვიპოვე. როგორც ვიცი ბანკი ,,კრედო“ განულების პროგრამაში მონაწილეობს“;
გ.შ. _ ,,300-ლარიანი დავალიანება მაქვს ონლაინ სესხების კომპანია ,,gocash.ge“. რაც არ გადამიხდია, მას შემდეგ გავიდა 2 წელი. განულების პროგრამის ყველანაირ კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ , მაგრამ VALI.GE-ზე ჩემი მონაცემები ვერ ვიპოვე. რა ხდება, არ ვიცი. პრობლემური აქტივების ბიუროს წარმომადგენლები კი, თითქმის ყოველდღე მირეკავენ თანხის გადახდას მთხოვენ. როცა ვეუბნები, დაველოდოთ პროგრამის მონაცემების ბოლომდე განახლებას-მეთქი, ისინი მპასუხობენ, რომ განულების პროგრამა მე არ მეხება და თუ თანხას არ გადავიხდი, დამიყადაღებენ სახლს და შემეზღუდება ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა“;
ს.პ. _ ,,CREDITON.GE-ში მქონდა 300-ლარიანი სესხი, შემდეგ, როგორც მითხრეს, ჩემი დავალიანება ,,პრობლემური აქტივების ბიუროს“ გადაეცა. თანხა რაც არ გადამიხდია, 2 წელია გასული. ვაკმაყოფილებ ყველანაირ კრიტერიუმს დავალიანების გასანულებლად, მაგრამ პროგრამაში ჩემი მონაცემები, მაინც არ არის. კომპანიამ კი ჩემ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ვერ მივხდი, რა ხდება და იქნებ დამეხმაროთ“;
ბ.პ. _ „დავალიანება მაქვს რამდენიმე ონლაინ სესხების კომპანიაში. რაც არ გადამხდია სესხები გასულია 2 და 3 წელი. მხოლოდ ის სესხი გამინულდა, რომელიც 3 წელია არ გადამიხდია. ვერ მივხდი დანარჩენი რატომ არ გამინულდა, როცა ნათქვამი იყო 1 წელზე მეტი უნდა იყოს გასული“.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაგვიკავშირდებოდენ და განცხადებას გააკეთებდნენ, თუმცა, ამ დრომდე პასუხი მათგან არ მიგვიღია.
,,გურია ნიუსი“, ასევე, დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს, სადაც პრესსამსახურის წარმომადგენელმა ბაია ცანავამ განაცხადა, რომ სესხის ამომღებმა კომპანიებმა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებმა სესხების ნაწილი დაიტოვეს და არ მიყიდეს ფონდ ,,ქართუს“, თუმცა მათან მიმდინარეობს მოლაპარაკება და გასანულებელი სესხების სია დამატებით შეივსება.
,,პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კოლექტორებს ანუ ამომღები კომპანიებს, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემური სესხები აქვთ, ფონდ ,ქართუსთვის სესხები არ მიუციათ, ასევე, წვრილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ არსებობს მზაობა ფონდ ,,ქართუსგან“ 15 იანვრამდე გააგრძელოს მუშაობა ამ კომპანიებთან.
კოლექტორების ნაწილმა, თუ არ ვცდები, ეს არის პრობლემური აქტივების ბიურო და კიდევ რამდენიმე კომპანია, სესხების ნაწილი მოგვყიდა, მაგრამ ნაწილი დაიტოვა. დღემდე ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დარჩენილი სესხები გამოვისყიდოთ საბაზრო ღირებულების ფასად.
აქედან გამომდინარე, იმ სესხებს, რომელიც ჩვენ მიერ იყო დაანონსებული და აკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმებს, ასეთი სესხები დამატებით კიდევ ჩამოიწერება.
ჩვენ, ბუნებრივია, ძალით ვერავის წავართმევთ პორტფოლიოს, ამიტომ ადამიანების, გარკვეული კატეგორიის სესხები (ძალიან მცირეა) ვერ მოხვდა ამ ჩამოწერილი სესხების სიაში, რომელზეც მინისტრმაც განაცხადა“, _ გვითხრა ბაია ცანავამ.


































































