ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის შესასვლელი გადაკეტელია. როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ათ დღეზე მეტია, სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი მწყობრიდანაა გამოსული და ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ მერიაში ზაზა ბაქანიძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ უახლოეს დროში დაიწყება ხიდის მშენებლობა:
„ძველი ხიდი არის და აქედან გამომდინარე, უნდა აშენდეს ახალი ხიდი. დღე-დღეზე დაიწყება ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, _ გვითხრა ზაზა ბაქანიძემ.
სოფელ მერიაში ხიდის ჩავარდნის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება: ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, რომ ყოველდღიურად იმდენი სატვირთო მანქანა გადადის ხიდზე, ვეღარ გაუძლო. მეორე წყაროს ვერსიით, ხიდი წელს, დიდთოვლობის დროს დაზიანდა.
შევეცადეთ დაგვეზუსტებინა, თუ როდის დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა ან ძველის რეაბილიტაცია, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან ამ დრომდე ველოდებით პასუხს.
































































