პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ,,ელჩების კონფერენცია 2020-ზე“ ევროპის აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, საქართველოში, აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის Twitter-ზე გამოეხმაურა. დიპლომატი დაინტერესდა, თუ რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რეგიონალურ საქმეებში რუსეთისა და ირანის ჩარევას.
გენერალ ბენ ჰოჯესის თქმით, რატომ არის საქართველოსთვის მომხიბვლელი გეგმა, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს საზღვრებზე?
,,შეცდომაა… განა საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა წარმოადგენდეს სუვერენულობას? რატომაა საქართველოსთვის მომხიბვლელი გეგმა, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს საზღვრებზე? რატომ რთავს ნებას საქართველო, თავისი საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში ,,რუსი სამშვიდობოების“ გადაფრენას, როცა რუსეთის ჯარებს ქართული მიწა ოკუპირებული აქვთ,“ _ განაცხადა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვალმა ,,ელჩების კონფერენცია 2020-ზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
,,კონფლიქტი ჩვენს რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევაა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე – ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა – ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში …. და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“.