ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს – ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც 14 წლის გოგოს ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს კითხვა ან პრეტენზია აქვს, შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას და ნახოს რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამ საქმესთან დაკავშირებით.
“პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ძალიან მძიმეა. მე ვერ ვიტყოდი ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ვისი არ დადგება. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, რომ ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები, დაკითხვები და ა.შ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც გვევალებოდა. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ასე ნუ უკეთებთ კითხვის ინტერპრეტაციას – თუ ვინმეს აქვს რამე პრეტენზია ან კითხვა, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა ადამიანი შეუძლია შეიტანონ საჩივარი და ნახონ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა”, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.