ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტრის მიმართულებით გზის გაკეთება მნიშვნელოვანია და ამის გამო, ჩოხატაურის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილზე უარი თქვა.
“თანხა, რომელიც უდაბნოს მიმართულებით დაიხარჯება, არ არის ჩვენი ბიუჯეტის ფული _ ეს არის ევროკავშირის ფული, რაც ძალიან მახარებს. ევროკავშირს აქვს პროგრამა, რომელიც გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პროექტების გახორციელებას ითვალისწინებს. მივიღეთ კონკურსში მონაწილეობა და გვაქვს ჩოხატაურის ცენტრის პროექტი, რისთვისაც გამოყოფილია 700 000 – 740 000 ლარი.
ჩოხატაურში ცენტრალური გზით რომ წამოხვალ, ნახავ ახალ თეატრს, მოასფალტებულ ქუჩებს. მაგრამ როცა მიდიხარ პოლიციის მხრიდან, რას ხედავ? ტერიტორიას, რომელიც უპატრონოდ მიტოვებულის, გაუბედურებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამიტომ გავაკეთეთ ჩემი ოცნების პროექტი, მაგრამ უარი ვთქვით წელს ამ პროექტზე და იმედია, მომავალი მერი გააგრძელებს ჩვენი ხელისუფლების და ჩემ მიერ დაწყებული საქმეს”, _ თქვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გაგვიმარტეს, დაახლოებით, 740 000 ლარის ფარგლებში ჩოხატაურის ცენტრში, მდინარე “ორპირას” მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა უნდა მომხდარიყო. პროექტი 3 ნაწილად არის დაყოფილი და ამჟამად მარტო პირველი ნაწილი გახორციელდება, 2 ნაწილზე კი, უდაბნოს მონასტრის მიმართულების კეთილმოწყობის გამო, უარი ითქვა:
ჩოხატაურის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო,
მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოების დაწყების დრო კი ჯერ უცნობია
“სამ ნაწილად არის დაყოფილი პროექტი. პირველი ნაწილი “ავერსის” მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და “ვისოლთან” მდებარე ხიდამდე არსებულ ტერიტორიას მოიცავს; მეორე ნაწილი “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურთან უნდა დაიწყოს და მოვიდეს პოლიციის შენობასთან მდებარე ხიდამდე; მესამე ნაწილი კი პოლიციის ხიდიდან სოციალური სააგენტოს შენობამდე უნდა მოვიდეს.
ამ ტერიტორიის კეთილმოსაწყობად, რასაც პროექტის პირველი ნაწილი მოიცავს, გათვალისწინებულია 279 000 ლარი და ამ თანხით სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს დასასვენებელი პარკი, მოწესრიგდეს ხიდები, განათებები”, _ გვითხრეს ინფრასტრუქტურის სამსახურში.
რაც შეეხება უდაბნოს მონასტრის გზის პროექტს, ტერიტორიაზე საპიკნიკე და საპარკინგე ადგილები გაკეთდება, მშენებლობა კი კონკურის შედეგების დადგომისთანავე დაიწყება.