„იქნებ, თქვენი აქტიურობით მაინც მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას მანამ, სანამ მთლიან სოფელს არ ამოახრჩობს თოვლი“, – დახმარების თხოვნით მოგვმართეს სოფელ ზოტიდან, სადაც დიდთოვლობის გამო მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია. მათი ინფორმაციით, გზის გასაწმენდად საჭირო ტექნიკა ჰყავთ, თუმცა არ აქვთ საწვავი და სწორედ ამ კუთხით ითხოვენ ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებას, რომ როგორმე მოხერხდეს მათთვის საწვავი მიწოდება და შეძლონ გზის გაწმენდა.
„გურია ნიუსი“, ბუნებრივია, ეცადა ზოტელების ხმა ჩოხატაურის ხელმძღვანელ პირებამდე მიეტანა.
სამწუხაროდ, მერთან, დავით შარაშიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მერის მოადგილემ მინდია ჟღერიამ კი გვიპასუხა სატელეფონო ზარზე, მაგრამ გვითხრა, რომ ჩვენი ხმა არ ესმოდა. საბოლოოდ კი, ხელისუფლებამდე ზოტელთა ხმის მიტანა მერიის პიარის, ლილე კვინტრაძის საშუალებით შევძელით და ახლა რეაგირების მოლოდინში ვართ.