“6 იანვარი… არაფერი უჩვეულო გრძნობა არ მქონდა, გამოვედი რაიონში საავადმყოფოსთან შევნიშნე მარი და თავისი ძმა იდგნენ, ვიფიქრე ბავშვები ხომ არიან კარგად, აქ რა უნდათ-მეთქი.
მივედი, რა ხდება, აქ რა გინდათ-მეთქი და ვასიკოს ხე დაეცა ფეხზეო…
შევედი საავადმყოფოში… ექიმები ირეოდნენ… ჩემი ძმის მხოლოდ ფეხები დავინახე, გულმა ვერ გამიძლო და მალევე გარეთ გამოვედი. შორიდან ველოდი რაიმე საიმედოს გაგებას, მაგრამ ხალხი რაც უფრო იმატებდა, იმედიც მეწურებოდა.
ქუთაისიდან რეანომობილი გამოიძახეს და ღმერთს მიაბარეს, მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გქონდეთო, მეტი ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო…
თავს ვინუგეშებდი: ძლიერია, ჯანმრთელია, დაუძვრება, გადარჩება!
სათები იბრძოლა, მაგრამ დაღლილი იყო ტკივილებისგან… ყველა ძვალი დამტვრეული ქონდა!
ღმერთსაც შეეცოდა ამ გაუსაძლისი ტკივილებისთვის და 7 იანვარი თენდებოდა, შობის ბრწყინვალე დღესასწაული და თავისთან წაიყვანა…
ერთი წელი გავიდა უშენოდ, ჩემო ძმაო…
მაგრად მენატრები და მაკლიხარ!”
ერთადერთი, რაც მამშვიდებს, დარწმუნებული ვარ უფლის სავანეში დაიდე სამარადჟამო სასუფეველი…, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილი ვასიკო ბერძენიშვილის ძმა დათო ბერძენიშილი.
შეგახსენებთ, რომ კერძო სამუშაოს შესრულებისას ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, 41 წლის ვასიკო ბერძენიშვილი ხიდან ჩამოვარდა. ის მრავლობითი დაზიანებებით ჩოხატაურის შპს “ჯანმრთელობის სახლ გურიაში” შეიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ცენტრის ავტომანქანით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს _ ის ოპერაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გარდაცვლილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.