,,ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და ბრიტანეთის საბჭომ ხელშეკრულება გააფორმეს. პროექტის მიხედვით, სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები, იუსტიციის სახლებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივ შეთანხმებას განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს ხელი.
პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა დახელოვნების ორი კურსის ჩატარდება და ინგლისური ენის 22 მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის. გარდა ამისა, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში ინგლისური ენის ექვსი კლუბი მოეწყობა, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან ბავშვები, სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან კლასგარეშე გაკვეთილებს, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო თუ ვიდეო მასალით და მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში. ინგლისური ენის კლუბებში, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, ასევე, მოეწყობა ინგლისური ენის პროფესიული ტრენინგ-სემინარები. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები საქართველოს მასშტაბით პედაგოგებს გადაამზადებენ.