15 სექტემბრამდე რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა ეძლევათ, _ ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ აქტიურია რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების პრობლემა, ვინაიდან ასეთი ამომრჩეველი 90 ათასია. მინისტრის განცხადებით, ასეთ პირებს პრობლემის გასწორების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ისინი იუსტიციის სახლებს მიმართავენ.
„არსებობს ძალიან დიდი პრობლემა – ეს არის რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ იმ პირებს, რომელთა რიცხვიც არის რამდენიმე ათეული ათასი, რეგისტრაციიდან მოხსნილ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გაასწოროს თავისი საბუთი იმისთვის, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
გარდა ამისა, თებერვლიდან ოქტომბრის ბოლომდე იუსტიციის სამინისტრო უფასო პირადობის მოწმობების აქციას მართავს და პირადობის მოწმობის არმქონე ყველა პირს, ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება უფასოდ შეუძლია.