“ქართული ოცნება” მაჟორიტარების კანდიდატების დასახელებას ხვალ აპირებს. თუმცა, მანამდე “მთავარი არხი” აქვეყნებს ივანიშვილის გუნდის კანდიდატების ვინაობა რამდენიმე რეგიონში.
ბათუმში იბრძოლებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რესან კონცელიძე, ქობულეთში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელვაჩაური-ქედა-შუა ხულოში “ოცნებას” წარმოადგენს მოქმედი მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე. აღვნიშნავთ, რომ ბოლქვაძე უკვე 12 წელიწადია, რაც მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში.
ზუგდიდში სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებული ალექსნდრე მოწერელია იყრის კენჭს, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მოქმედი მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ოლქში მმართველი გუნდიდან იბრძოლებს მოქმედი მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე. გურიის ოლქში “ოცნებას” ასევე მოქმედი მაჟორიტარი, ნინო წილოსანი წარმოადგენს.
სამცხე-ჯავახეთის ორი ოლქიდან ცნობილია ერთი კანდიდატი _ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში “ოცნება” ენზელ მკოიანს დაასახელებს.
გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ლევან ბეჟაშვილს ოპონირებას მოქმედი მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი გაუწევს, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში ან თავდაცვის კომიტეტის ხელძღვანელი ირაკლი სესიაშვილი იბრძოლებს ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.
მცხეთა-მთიანეთის ოლქში “ოცნება” კვლავ დიმიტრი ხუნდაძეს დააყენებს. შეგახსენებთ, რომ იგი ორი მოწვევის მაჟორიტარია. თუმცა, ხუნდაძე ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამჯერად პარტიის პროპორციულ სიაში იქნება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და თერჯოლაში მაჟორიტარული კანდიდატი ქართული ოცნებიდან იქნება ბეჟან წაქაძე.