რესტორანი რეტრო, რომლის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე იძალადა, 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. დღეს დილიდან რესტორანი აღარ გაიხსნა.
ამ წუთებში რესტორანში შრომის ინსპექციაა შესული, რომელიც თანამშრომლების მიმართ შრომის უფლებების დარღვევას შეისწავლის.
რეტროს მფლობელი ძალადობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.
ინფორმაციისთვის, გუშინ, 5 ივნისს სახაჭაპურე რეტროს ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.
ზოიძე წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.
ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.