მოწვეული, ქართველი რეჟისორი ირაკლი გურგენიძე ოზურგეთის თეატრში ზურა პაპიაშვილის პიესას _ “თეფშს” დადგამს, ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის პრესსამსახურის უფროსმა, ლია კილაძემ აცნობა მედიის წარმომადგენლებს.
“ეს პიესა საინტერესოა ფორმით, შინარსით, მისტიკური კომედიაა, სადაც წინა პლანზე წამოწეულია ადამიანის მარტოობა და მასთან სხვადასხვა ხერხით ბრძოლა. ეს არის იუმორით გაკეთებული თანამედროვე პიესა. არის საინტერესო თემები, სახასიათო გმირები”, _ ამბობს ირაკლი გურგენიძე.
რეჟისორის თქმით, უცხო გარემოში მუშაობა ძალიან საინტერესოა.
“ძალიან მიხარია, რომ ვმუშაობ ოზურგეთში. უცხო გარემოში მუშაობა საინტერესოა და არის ამაში ერთგვარი შემოქმედებითი აზარტი. აქ ვხედავ ძალიან დიდ პოტენციალს. მიხარია, რომ ასეთ გარემოში მოვხვდი _ ვგულისხმობ თეატრის ადმინისტრაციას და შემოქმედებით კოლექტივს. ყოველი დღე არის სავსე ახლის ძიებითა და აღმოჩენით. ჩვენს განსხვავებულ აზრებშია ბედნიერება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შეიკრა თანამოაზრეების გუნდი, რაც ძალიან სასიამოვნოა. პირველად მიწევს მუშაობა ძალიან საინტერესო მხატვართან სერგო შივცთან, ვფირქობ, კარგი შემოქმედებითი ტანდემი შედგება.
უცნობ დასთან მუშაობა რთულია, თან არ ვიცნობ ოზურგეთის მაყურებელს. ვეცადე ამერჩია საინტერესო და ნაკლებად რთული პიესა. ზოგადად, ქართულ თეატრს აკლია კომედიური სპექტაკლები. ვფიქრობ, კომედიის ჟანრშიც შეიძლება აქტუალური თემები მოიძიოს და წამოწიოს რეჟისორმა“, _ თქვა რეჟისორმა.