სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა, სხდომა გადადო.
კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ ლომიძემ სხდომის დასაწყისში აღნიშნა, რომ კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი ავადმყოფობის გამო ბიულეტენზე იმყოფება, რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებს.
“ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ ქალბატონი თეა არის ავად, სასამართლოს კი არ აქვს უფლება, კოლეგიის მოსამართლის გარეშე გადაწყვეტილება გამოცხადოს. ამიტომ პროცესს გადადებულად ვაცხადებ”, _ აღნიშნა ლომიძემ.
მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა. ლომიძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.