ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს.
როგორც მან აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა.
„მოგეხსენებათ, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს. ძალიან ბევრ შეუსაბამო მოქმედებებს ახორციელებენ და შესაბამისად, მას ეტყობა რაღაც სათქმელი აქვს და შეხვედრა უნდა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა და დასძინა, რომ შიმშილობა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველია.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულმა დეკანოზმა პროტესტის უკიდურეს ფორმას გუშინ მიმართა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად სახალხო დამცველმა განუცხადა.
“როდესაც ასეთ პროტესტს აქვს ადგილი, ჩვენ მუდმივად ვუწევთ მონიტორინგს. დავინტერესდებით და მოვინახულებთ”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.