საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის დეკლარაციების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. როგორც ცნობილი ხდება, ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 1000 ლარით დაჯარიმდა. ამავე რაოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზსაც.
დეკლარაციების შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების ძირითადი მიზეზები გახლდათ:
1. შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში (დეკლარანტს მითითებული აქვს დაახლოებითი ფართი და არა რეალური ფართი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში)
2. დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
3. ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ ნაშთსა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის;
4. დაუდეკლარირებელი საბანკო (დამხმარე) ანგარიშები, ;
5. შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში;
6. სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.
2017 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჯამში მონიტორინგი ჩაუტარდა 287 დეკლარაციას. მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაციაუარყოფითად შეფასდა, ხოლო 56 დეკლარაცია დადებითად.