ცოტა ხნის წინ, “გურია ნიუსი” ოზურგეთის ზოგიერთ სოფელში მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის ზრდის შესახებ წერდა, ფასების ზრდას კი საწვავის გაძვირებას უკავშირებდნენ. უკმაყოფილებას განსაკუთრებით მშვიდობაური-ასკანის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გამოთქვამენ. მათი თქმით, მგზავრები ხშირად დადგენილი ტარიფითაც ვერ ახერხებენ გადახდას.
“თუ ღირს 1 ლარი და 20 თეთრი, მგზავრები ხშირად მხოლოდ ლარს იხდიან, მაგრამ რა ვქნათ? გვესმის მათიც, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია”, _ ამბობენ მძღოლები.
ოზურგეთის ავტოსადგურში, სადაც ავტობუსების და მიკროავტობუსების სიჭარბე უფრო მეტად ჩანს, ვიდრე მგზავრების, ასკანის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, მგზავრობის ფასის გაზრდაზე საუბარი შეჩერდა:
_ ორშაბათიდან ველოდით ფასის მომატებას. ასე გვითხრეს, ლარნახევრის ნაცვლად, ორი ლარი იქნებაო. შემდეგ “გურია ნიუსში” მგზავრობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა და ჯერჯერობით, ისევ ძველი ფასით ვმგზავრობთ. როგორც ჩანს, ცოტა ხნით შეჩერდნენ. მძღოლებს კი არ ვამტყუნებთ _ საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ ჩვენც რა ვქნათ, ხალხში ფული არ არის. ასკანიდან ჩამოსვლასა და უკან დაბრუნებაში თუ ოთხ ლარს გადავიხდით, მაგ თანხით სამი კილო შაქარს ვიყიდით. აღარ წამოვალთ, დავაბარებთ ვიღაცას და იქნება, აბა, რა ვქნათ? _ გვეუბნებიან ასკანელები.
როგორც მძღოლები “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, მგზავრების უმეტესობა საფასურის გადახდას ვერ შეძლებს:
_ მგზავრობის ფასი მოვუმატო? ვინც მომატებას აპირებს, არ ვიცი, რის იმედი აქვს? რის მომატება?! რაც ღირს, იმას ვერ მიხდიან და მომატებულს საერთოდ ვინ გადამიხდის? ნახეთ, რამდენი ადამიანი ზის ვაკიჯვრის ავტობუსში, _ გვითხრა სოფელ ვაკიჯვრის რეისის ავტობუსის მძღოლმა მირიან ვანიძემ.
“მგზავრობის ფასი მოვუმატო?” _
კითხულობს მირიან ვანიძე
სოფელ ბახვის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ერთი ლარი და ოცდაათი თეთრია. ამ მარშრუტით მგზავრობენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლებიც და ფასის მატება ამ ორი სოფლის მიმართულებითაც იგეგმება. თუმცა, როგორც ოზურგეთის სს “ტრანსსერვისის” დირექტორი, შალვა ორაგველიძე ამბობს, მართალია, ბახვის მიმართულებით ასეთი ტარიფია, მაგრამ, ხალხი მაინც ერთ ლარს იხდის, მძღოლები კი ფასის მომატებას ლარნახევრამდე ითხოვენ.
_ დროებით შეჩერებულია ეს პროცესი. ყველა ყოყმანობს ფასის გაზრდაზე, იმიტომ, რომ გასაჭირია. თუმცა, მძღოლები მეტს ვეღარ გაუძლებენ. განსაკუთრებით, ზოგიერთი მიმართულებით. ჩემთან ოფიციალურად გუშინ შემოიტანეს განცხადება. კიდევ ვიმსჯელებთ. ხალხსაც ძალიან უჭირს, მაგრამ მძღოლებსაც უჭირთ. ხალხის ნაწილი არ არიან თვითონ? ვის უნდა ან ვის მოსწონს ეს მატება, მაგრამ დარჩა სხვა გზა? საწვავის ფასი ძალიან გაიზარდა, თვითონ მძღოლებიც ნერვიულობენ, მაგრამ უკან დასახევი გზა არ აქვთ, _ გვითხრა ორაგველიძემ.
_ ბატონო შალვა, მგზავრობის ფასის მომატებიდან გარკვეული დროის შემდეგ რომ საწვავის ფასმა დაიკლოს, მგზავრობის ღირებულებაც დაიკლებს?
_ რა თქმა უნდა, დაიკლებს.
_ ასე იყო ადრეც, მაგრამ, როცა საწვავის ფასი დაიწია, მგზავრობის ღირებულება არ შეცვლილა, მაგალითად, ჭანიეთი-ქაქუთის მიმართულებით…
_ მე არ ვიცი, როდინდელ ამბავს მეუბნებით. ეტყობა, ეს საკმაოდ ადრე იყო. მაგალითად, ორი წლის წინ, როცა საწვავის ფასმა დაიკლო, მგზავრობის საფასურიც შეამცირეს მძღოლებმა.
კითხვაზე, რომელი რიცხვიდან მოიმატებს მგზავრობის ფასი, ორაგველიძე კონკრეტულად ვერ გვპასუხობს:
_ განცხადება კი შემოიტანეს, მაგრამ უცებ არ გადაწყდება ეს საკითხი _ უნდა შევჯერდეთ. სს “ტრანსსერვისი” მხოლოდ ავტოსადგურის მფლობელია და მძღოლებს, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ ტრანსპორტი, მათ ემსახურება. ამიტომ, ვალდებული ვართ, ანგარიში გავუწიოთ. მაქსიმუმ, ერთ კვირაში ყველაფერი გვეცოდინება, _ გვითხრა მან.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ამ მიმართულებით ჯერ ფასის მომატებაზე არ საუბრობენ.