ქართული ყოჩივარდა ფურისულასებრთა ოჯახში შედის. ის მრავალწლიანი ტუბერისმაგვარი განიერფესვურიანი მცენარეა. ყოჩივარდა მეტად კოლორიტული, კომპაქტური და ოთახის მოსართავად შესაფერისი მცენარეა.
ყვავილობა საკმაოდ დიდხანს – 3, 5 თვემდე გრძელდება. ქართული ყოჩივარდა ადრე გაზაფხულზე, ცისთვალას, თეთრყვავილასა და სხვა ადრე მოყვავილე, ტყის კალთის ქვეშ მოზარდ ყვავილებთან ერთად წითელი (მოვარდისფრო) ლამაზი ყვავილებით ამკობს ჩვენს ტყეებსა და ბუჩქნარებს.
ზემოდან და ქვემოდან შებრტყელებული, მომრგვალო ფესვურის სიმსხო 2-4 სმ ფარგლებში მერყეობს. ფესვები ფუნჯისებრია და ტუბერის ქვედა მხარეს ვითარდება. ფოთლები გულის მოყვანილობისაა, ზოგჯერ მოგრძო კვერცხისებრ გულისნაირი, კიდემთლიანი, ზემოდან მოთეთრო-მომწვანო ლაქებით.
ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლისა და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, ფრონტიტისა და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. სისტემატური თავის ტკივილების დროს.