ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 149,00 კვ.მ. და 1 666.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთები ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გელა ჭანუყვაძემ აუქციონის წესით შეიძინა.
საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი იმაზე საუბრობს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები გელა ჭანუყვაძეს სოფელ ცხემლისხიდში კარიერის გასაკეთებლად სურს, რასაც არ ეთანხმებიან სოფელ ცხემლისხიდის მაჟორიტარი დეპუტატი ლალი სიჭინავა და გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დავით ჭანუყვაძე, თუმცა, სოფლის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” ამბობენ, რომ არც ერთი მათგანი საქმის კურსში არ იყო.
სოფელ ცხემლისხიდის ცენტრში კარიერების გაკეთებას სოფლის მცხოვრებლებიც უარყოფენ:
_ გამორიცხულია! ვინ დაუშვებს აქ კარიერების გაკეთებას?! მაგაზე არც იოცნებონ, _ ამბობენ ცხემლისხიდელები.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გელა ჭანუყვაძის მეუღლის ქეთევან მემარნიშვილის სახელზე სოფელ ცხემლისხიდში, 2017 წლის 18 მაისს დარეგისტრირებულია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი ფართობით _1 149,00 კვ.მ. და 1 666.00 კვ.მ.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ, თავდაპირველად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა 2017 წლის 10 თებერვალს ჩატარდა, სადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დაამტკიცეს, მათ შორის, სოფელ ცხემლისხიდის ცენტრში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი. სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დამატებითი თანხების მობილიზების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზება აუქციონის წესით.
2017 წლის 1 მარტს, საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა 31 ხმით დაამტკიცეს დეპუტატებმა და მიიღეს შესაბამისი #16 განკარგულებაც, რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია აწერს.
აუქციონატორი მალხაზ გორგოშიძე, რომელიც მაშინ ქონების მართვის განყოფილების უფროსი იყო, ადასტურებს აღნიშნული მიწის ნაკვეთების აუქციონის წესით გაყიდვას:
_ იყო კომისია, რომელიც ატარებდა აუქციონს _ მე მიმყავდა ეს კომისია. ზუსტად არ მახსოვს, რამდენად შეიძინა გელა ჭანუყვაძემ აღნიშნული მიწის ნაკვეთები, თუმცა, ერთი კვ. მ მიწის ნაკვეთი 50 თეთრი ღირდა, ისე, როგორც დანარჩენი სხვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დავით ჭანუყვაძე ამბობს, რომ ისე გაიყიდა ცენტრში მიწის ნაკვეთები, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა:
_ მე არაფერი ვიცოდი. აზრზე არ ვარ, როდის მოხდა ამ მიწის ნაკვეთების შეძენა და გატანა აუქციონზე. რაც შეეხება კარიერებს, გამორიცხულია მაქ მაგის გაკეთება _ ეს ტყუილი ინფორმაცია.
კარიერების გაკეთებას უარყოფს ლალი სიჭინავაც:
_ ზუსტად არ მახსოვს, ვესწრებოდი თუ არა საკრებულოს მაგ სხდომას _ ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო, შეიძლება გამომრჩა მხედველობიდან. არ მახსოვს ამ მიწის ნაკვეთების შესახებ, თუმცა, მანდ კარიერების გაკეთება შეუძლებელია.
ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გელა ჭანუყვაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მის მეუღლეს სოფლის ცენტრში მდებარე 1 149,00 კვ.მ. და 1 666.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთები კანონის სრული დაცვით აქვს შეძენილი:
_ რა მნიშვნელობა აქვს, გელა ჭანუყვაძე იყიდდა თუ სხვა? ჯერ ერთი, ჩემმა მეუღლემ შეიძინა და ამ ნაკვეთებმა შესაბამისი კომისიაც გაიარა, ბიუროს სხდომაც და საკრებულოს სხდომაზეც დამტკიცდა. შემდეგ გამოცხადდა აუქციონი _ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო გაცნობოდა და მიეღო მასში მონაწილეობა. არც იაფად არ შემიძენია _ რაც იყო სახელმწიფო ფასი, როგორც აუდიტმა შეაფასა, ისე შევიძინე, _ ამბობს ჭანუყვაძე.
_ ბატონო გელა, ის მოსაზრება, რომ სოფლის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელიც თქვენმა ოჯახმა იყიდა, კარიერების გასაკეთებლად გჭირდებათ, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ კარიერების გაკეთება გამორიცხულია. ვინც მაგას იტყვის, ის ცოტა ვერაა! ორი პროექტი გვაქვს საუკეთესო _ სარიტუალო დარბაზის აშენება და ავტოსერვისცენტრის გაკეთება.
პროექტი მზადაა _ რამდენიმე საამქრო გაკეთდება, ულამაზესი შენობები იქნება და ადამიანები დასაქმდებიან. კარიერების გაკეთება კი გამორიცხულია, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.