„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, როგორიცაა ვაჭრობის სექტორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი “, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ჩემს მოადგილეებს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრები ექნებათ არასასურსათო ვაჭრობისა და ბაზრობების წარმომადგენლებთან. პირველ თებერვლამდე უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლის წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება, დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან დაიწყება. ძალიან კარგად გვესმის, რომ არასასურსათო ვაჭრობა და მუნიციპალური ტრანსპორტი არის ორი საკმაოდ სენსიტიური თემა და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რათა ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და თებერვლიდან შევძლოთ შეზღუდვების შემსუბუქება, იყოს გამოსვლადი, რეალისტური და არ დააზიანოს ის სტატუს-კვო, რაც გვაქვს ეპიდემიოლოგიურად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.