ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია როდის აღდგება ტრანსპორტით მიმოსვლა.
„გურია ნიუსს“ არაერთი ადამიანი მომართავს, რომელსაც სამკურნალოდ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტიდან დედაქალაქში ან ბათუმში ესაჭიროება წასვლა, მაგრამ იმ მიზეზით, რომ არც კერძო ავტოტრანსპორტი ჰყავთ და უმუშევრად დარჩენილებს ტაქსით გასამგზავრებელი ფული არ გააჩნიათ, ვერ მიდიან.
ჩვენ პრემიერის პრესსამსახურთან ვცადეთ გარკვევა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ ვითარებაში მყოფი ადამიანები.
„ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს უწყებათშორისი საბჭო ეპიდვითარების გათვალისწინებით. ჯერ უცნობია კონკრეტული თარიღი როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა. ასეთ დროს სარგებლობა ხდება კერძო მფლობელობაში არსებული ავტოტრანსპორტით და ტაქსებით“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
კითხვაზე კი როცა ადამიანს არც კერძო მფობელობაში ჰყავს ავტომობილი და არც ტაქსისთვის მისაცემი ფული როგორ უნდა მივიდნენ სამკურნალო დაწესებულებამდე, უწყებაში გვიპასუხეს, რომ: „როცა არის კონკრეტული გამონაკლისი შემთხვევები, ასეთ შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას“.