ამერიკამ ოპოზიციას მოსამართლეების დასანქცირებით, უდიდესი უპირატესობა მიანიჭა და საფუძველი მისცა, რომ ხელისუფლება უკვე საქმით აკრიტიკონ, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს ამისთვის არ სცალიათ. ნაციონალური მოძრაობა 9 აპრილის აქციის ორგანიზებით არის დაკავებული და დარწმუნებულია, რომ აქტივს ღამეც დატოვებს და პროცესებს გრძელვადიან პროტესტში გადაიყვანს (ძალიან გვეეჭვება, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს).
დანარჩენი ოპოზიცია კი თანხმდება იმაზე, რომ უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ ძირითად ნაწილს გაერთიანება ნაციონალების გარეშე სურს, რაც სხვებს არ აწყობთ. როგორც წესი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში ჩნდება იმედი, რომ ხელისუფლება ახლა მაინც შეიცვლება და ყველას სურს, ამ ცვლილების ავანგარდში იყოს, იწყება თანამდებობების გადანაწილება, ბოლოს კი, ისე გამოდის, რომ ვისაც ყველაზე დიდი ამბიცია ჰქონდა, ყველაზე დაბალ შედეგს აჩვენებს, ხელისუფლება კი არ იცვლება. ახლაც, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ძალიან საეჭვოა, ოპოზიციამ ამ მდგომარეობითა და რეიტინგით, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს. ლაკმუსის ქაღალდი შუალედური არჩევნები უნდა გახდეს, რომელიც 29 აპრილს გაიმართება, მაგრამ ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს და იტყვის, მონაწილეობას არ ვიღებ, თორემ რომ მიმეღო, მოვიგებდიო.
დასასრულ – სანქციების მეორე სერია, რომელსაც მოუთმენლად ელის ოპოზიცია და შიშით ხელისუფლება, შესაძლოა, ძალიან მალე იყოს. ყოველ შემთხვევაში, საქმე იქეთკენ მიდის, რომ სანქციების ახალი პაკეტი წამოვა, აქ პოლიტიკოსები ერთმანეთს დაჭამენ, ხოლო კელი დეგნანი იტყვის, ვადა ამომეწურაო და მას სხვა ელჩი ჩაანაცვლებს, ანუ ხელის გაშვერა დეგნანისკენ აღარ გამოვა. არადა, ახლაც ძალიან უხერხული სიტუაციაა – ამერიკა ამტკიცებს, ოთხი მოსამართლე კორპუმპირებული გყავსო და ხელისუფლება კიდევ მათ თანამდებობებს არ ატოვებინებს. პოლიტიკური პინგ-პონგი დიდ ხანს ვერ გაგრძელდება და რომელიღაც მხარემ უნდა დათმოს, თუმცა ამერიკას არასდროს დაუთმია და… არც „ოცნება“ თმობს ბოლო პერიოდია. ჰოდა, ახლა ისე ჩანს, ერთ-ერთმა მხარემ, მეორეს უნდა დაათმობინოს და ვნახოთ.
წყარო: alia.ge