ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა ისეთი მძიმეა, როგორიც არასოდეს ყოფილა. საერთაშორისო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დედამიწის კლიმატის ცვლილებაში ადამიანების წვლილი 90 პროცენტს შეადგენს. ყველა ბუნებრივი ცვლილება სწორედ ადამიანის მოქმედებითაა გამოწვეული.
მრავალი მეცნიერი ამბობს, რომ მომავალში ტემპერატურა შესაძლოა 2–დან 11 გრადუსამდე გაიზარდოს, ხოლო ზღვის დონე ნახევარ მეტრზე მაღლა აიწევს. ასევე გამოითქმება ვარაუდი, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე საკუთარი ღერძის გარშემო შეიცვლება.
და ეს ყველაფერი არ არის. არცთუ სახარბიელო პროგნოზების თანახმად, დიდ, მაღალ ქედებზე და პოლუსებზე ყინული დადნება. ზოგიერთი რაიონი მთლიანად წყლით დაიფარება, სხვა ადგილებში კი გვალვა დაისადგურებს. ადამიანებს უწყლობა შეაწუხებს. მოსახლეობას თავს შიმშილი და ეპიდემიები დაატყდება. ფინალურ აკორდად კი ფლორისა და ფაუნის თითქმის მეოთხედით შემცირება იქცევა.
2030 წელს ყველა მარჯნის რიფის თითქმის მეხუთედი გაქრება, ხოლო აზიის სანაპიროებთან ეს დანაკარგი 30 პროცენტს შეადგენს. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,3 მილიარდამდე გაიზრდება.
არქტიკული ზღვის ყინულები 2040 წლისთვის გადნება, თუმცა მრავალი მეცნიერი ამ ვარაუდს არ ეთანხმება და ამ პროცესს 2060–დან 2105 წლამდე ვარაუდობს.
2050 წელს იმის დიდი ალბათობაა, რომ პატარა ალპური ყინულები გაქრება, ხოლო დიდი მყინვარები თავიანთი მოცულობის 70 პროცენტს დაკარგავენ.
2060 წელს აღმოსავლეთ აზიაში მოსავალი 20 პროცენტით გაიზრდება, ცენტრალურ აზიაში კი 30 პროცენტით შემცირდება. ამგვარი ცვლილებები სხვა კონტინენტებზეც შეინიშნება. ცხოველთა სამყაროს მეოთხედი გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდება.
2080 წლისთვის ადამიანთა დასახლებების 20 პროცენტს წყალდიდობები წალეკავს. სანაპიროებზე მცხოვრებ 100 მილიონ ადამიანს ყოველწლიური წყალდიდობები შეაწუხებს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს თავს ტროპიკული გრიგალები დაატყდება. 1,1–დან 3,2 მილიარდამდე ადამიანი წყლის კატასტროფული უკმარისობით დაზარალდება, ხოლო 600 მილიონს შიმშილობა შეაწუხებს. ამ ყველაფერს დაემატება ტროპიკული ცხელების ეპიდემია, რომელიც 3,5 მილიარდ ადამიანს დაატყდება თავს.
2100 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ყველა დასაშვებ ზღვარს გადასცილდება. ეკოსისტემას კლიმატის ცვლელებასთან შეგუება მოუწევს. მუდმივი გამყინვარებისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩება. დედამიწის თითქმის 40 პროცენტზე სხვაგვარი კლიმატი დამყარდება, ხოლო გადაშენებული მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობა მილიონს მიაღწევს.
2200 წლისთვის კი დღე წამის მეათედით შემცირდება, ვინაიდან ოკეანეების ზომის ცვლილების გამო დედამიწა დამძიმდება და მეტი სიჩქარით იბრუნებს.
ავტორი