გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს _ 24 აგვისტოს გაიხსნება.
გადაწყვეტილება სამინისტრომ მონადირეებთან გამართული წინასწარი კონსულტაციებისა და გამოკითხვის პროცესში, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღო.
სამინისტროს ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033
ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების შესახებ ინფორმაციის ნახვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.