ოზურგეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეხვედრას 24 აპრილს, 11 საათზე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის გვერდზეა გავრცელებული.
როგორც ცნობილია, კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. კომიისის მდივანი ნინო შავგულიძეა. დანარჩენი წევრები კი: მაკა ბოჭორიშვილი, ფრიდონ ინჯია, რატი იოთანამიშვილი, შალვა კერესელიძე, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, სოზარ სუბარი, სალომე ქურასბედიანი, თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.
საყოველთაო განსახილვევლად გამოტანილი კონსტიტუციური კანონის პროექტის არსი კი ასეთია:
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
კონსტიტუციური კანონის პროექტით საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
საყოველთაო-სახალხო განხილვები კი დღეს, 22 აპრილს ქუთაისში ჩატარდება. შეხვედრების გამართვა კი ქუთაისისა და ოზურგეთის გარდა, ასევე დაგეგმილია ამბროლაურში, ბათუმში, ზუგდიდში და მესტიაში.