ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ასკურავამ წინა პლანზე სპორტული ცენტრის მშენებლობის თემა წამოსწია, რომლის პროექტიც არაერთხელ მოიწონა წინა მოწვევის საკრებულომ და მუნიციპალიტეტის ყოფილი პირველი პირის, ზაზა ურუშაძის ბოლო დაპირებით, მისი მშენებლობა გასული წლის სექტემბერში მაინც უნდა დაწყებულიყო.
„რა ხდება სპორტულ ცენტრთან დაკავშირებით. ყველა კვარტალში ვიწონებდით მის შესახებ ამა თუ იმ პროექტს. სადაა ახლა ეს მოწონებული და რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?“ _ იკითხა ასკურავამ და ქალაქში არსებული სპორტული მოედნების სავალალო მდგომარეობაზეც გააკეთა აქცენტი.
სპორტულ მოედნებთან დაკავშირებით დეპუტატს სოლიდარობა მერმა, ალექსანდრე სარიშვილმაც გამოუცხადა.
„ვეთანხმები ასკურავას _ სამივე სტადიონზე კატასტროფული მდგომარეობაა და აუცილებლად მოსაწესრიგებელია. რაც შეეხება სპორტული ცენტრის მშენებლობის საკითხს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიწონებთ, მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში საუბარი და 2018 წლიდან უნდა დაიწყოს მისი მშენებლობა. ამასთან საფეხბურთო სკოლის გაკეთებაც იგეგმება, რომელიც 45 ბავშვზე იქნება გათვლილი“, _ აღნიშნა სარიშვილმა.






























































