ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ კოლეჯ “ჰორიზონტის” დაკვეთით, შპს “ელ ჯორჯია”, მათ მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, გორაბერეჟოულის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას ახორციელებს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მშენებლობა 2020 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.
პანდემიის პირობებში, რა ეტაპზეა პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომლის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ინტერესი აქვს და როდის შეძლებს სასწავლებელი პირველი სტუდენტების მიღებას? _ ამ საკითხის გასარკვევად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს ვესაუბრეთ.
ზაალ მამალაძის თქმით, პანდემიის გამო პროფესიული სასწავლებლის პირველი კორპუსის მშენებლობა 2 თვით შეჩერებული იყო, ამჟამად კი სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და გადახურვითი პროცესი მიმდინარეობს.
“პანდემიის გამო, მშენებლობა შეჩერებული იყო 2 თვით მაინც, ახლა განახლებულია. მუშაობა თვეზე მეტია მიმდინარეობს. გადახურვის სამუშაოებზე არიან უკვე გადასულები. თუ პანდემიის გამო რამე არ შეიცვალა, ალბათ, ოქტომბრისთვის შეიძლება მიიღოს უკვე სტუდენტები”, _ გვეუბნება ზაალ მამალაძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მეორე, ძირითადი კორპუსის აშენების მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას ელოდებიან.
“რაც შეეხება მეორე, ძირითად კორპუსს, ის არის სოფლის მეურნეობის სეგმენტი გორაში. ამასთან დაკავშირებით ტენდერიც გამოცხადებულია, გამარჯვებულს ველოდებით და დაიწყება ძირითადი კორპუსის მშენებლობა გურამიშვილის ქუჩაზე”, _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მამალაძის თქმითვე, სასწავლებელი 60 სტუდენტზე იქნება გათვლილი, პედაგოგების არჩევა კონკურსის წესით მოხდება. ძირითადი კორპუსის აშენების შემდეგ კი განისაზღვრება ფაკულტეტების სრული რაოდენობა.
“ეს არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის სეგმენტი და ამიტომ იქნება 60 სტუდენტზე გათვლილი. ძირითადი კორპუსი რომ ჩაერთვება, მაშინ განისაზღვრება რა ფაკულტეტები უნდა იყოს. არ იქნება მხოლოდ სოფლის მეურნეობის. შეიძლება სხვა ფაკულტეტებიც დაემატოს. ზოგადი განათლებისაც და ა.შ.
რაც შეეხება თანამშრომლებს, როგორც ზაალ მამალაძემ გვითხრა, განათლების სამინისტრო კონკურსის წესით შეარჩევს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გორაბერეჟოულის თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება ძირითადად, აგრარული მიმართულების იქნება.
როგორც სამინისტროში ამბობენ, დაგეგმილია მეტყევეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, მეფუტკრეობის შემსწავლელი და რეგიონის განვითარებისთვის საჭირო სხვა პროგრამების ამოქმედება.