ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრიან კენჭს. ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
“პარლამენტის ორ წევრს, შალვა ნათელაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს განცხადება შემოტანილი ჰქონდათ ერთი დღით ადრე, ვიდრე დანარჩენებს, შესაბამისად, 27 იანვარს, დღის განმავლობაში არის ბოლო ვადა, როცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, 28 იანვარს განიხილება ყველა დანარჩენის.
შემდეგ ყველა ეს განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება ბიუროს და 2 თებერვალს პარლამენტი კენჭს უყრის ყველა მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას.
საბოლოო ჯამში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივცეთ ასევე მაქსიმალური ვადა იმისათვის რომ მათ მიიღონ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება. ვიდრე პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ამოვწურეთ ბოლომდე ვადა”, – განმარტავს მამუკა მდინარაძე.