მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობას მიეწოდება დენი და წყალი, მაგრამ სტიქიის შედეგების სრულ აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი დროა საჭირო.
კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულებას სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება.
„რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები. საჭიროზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე სრულ აღდგენას დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,_ განაცხადა პრემიერმა.
რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს მოსწყვიტა.