ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე “ოცნების” ახალ ინიცატივას კრიტიკულად აფასებს.
“თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ ქვეყანაში ექვს წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ზოგადად, ნებისმიერი სრული აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. შესაძლებელია გარკვეული რეგულაციების დაწესება, თუმცა არა სრული შეზღუდვის.
მიმაჩნია, რომ ეს სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს. ამას ვამბობდი 10-წლიან შეზღუდვაზეც და უფრო ადრეც, როდესაც აღვნიშნავდი, რომ საპარკინგე სივრცეების შემცირება პრობლემას ვერ მოაგვარებდა და ავტომობილების რაოდენობა მაინც გაიზრდებოდა.
ამის მიზეზი, რასაც ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ჩვენი ქვეყნის (და განსაკუთრებით დედაქალაქის) გეოგრაფიული მოწყობა და შემოსავლის გამომუშავების არსებული სისტემა.
დღეს ადამიანებს უწევთ ავტომობილებით გადაადგილება. კერძო ავტომობილი არ არის გათვლილი მხოლოდ კომფორტზე; ის დღემდე რჩება ყველაზე საჭირო და მოქნილ ინსტრუმენტად ოჯახის შესანახად.
როგორც არ უნდა გავართულოთ ავტომობილის ხელმისაწვდომობა, მისი ყოლა მაინც პრიორიტეტად დარჩება, რადგან ჩვენს ქვეყანაში მის გარეშე ოჯახის რჩენა ძალიან რთულია.
თუ გვსურს ეკონომიკური ზრდა, გვჭირდება მეტი საშუალება ეკონომიკური დოვლათის შესაქმნელად, ხოლო ავტომობილი ამის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მსგავსი აკრძალვა არასწორია,”_ ამბობს მელაძე.
ინფორმაციისთვის, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვა 1 აპრილიდან ამოქმედდება


































































