ალბათ გახსოვთ ცნობილი სიმღერა „დინამო, დინამო“. ბატონი ვაჟა აზარაშვილი მისი დაწერის ისტორიას ხშირად იგონებდა:
„ჩემი რამდენიმე სიმღერა სხვადასხვა სიტუაციაში, ექსპრომტად დაიწერა. მაგალითად, „დინამო, დინამო“ დამაწერინა დიდმა სიხარულმა. ეს გამოწვეული იყო თბილისის „დინამოს“ მიერ 1976 წლის 3 სექტემბრის ისტორიული გამარჯვებით, როდესაც პირველად მოვიპოვეთ სსრ კავშირის თასი.
სიხარულით გამოწვეული ემოციის გამო დილის 5 საათამდე ვერ დავიძინე. ადგილს ვერ ვპოულობდი და ბოლოს სამზარეულოში, ფორტეპიანოს გარეშე (ოჯახის წევრები და მეზობლები რომ არ შემეწუხებინა), ზეპირად გადავიტანე ჩანაფიქრი ნოტებზე.
მეორე დღეს სასწრაფოდ გავეშურე პოეტ მორის ფოცხიშვილთან, რომელმაც ასევე ოპერატიულად მიუსადაგა ტექსტი.
რამდენიმე დღის შემდეგ, ჯემალ ბაღაშვილის თხოვნით, სიმღერა ჩაიწერა სტუდია „მელოდიაში“ და ის პირველად შეასრულა ანსამბლმა „ივერიამ“. არანჟირება ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნოდა“.































































