სიზარმაცე ბუნებრივი ჩვევა არ არის. მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მოტივაციის ნაკლებობა, საქმის გადადების მუდმივი ჩვევა ან უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობა იყოს.
გამოსავალია ისწავლოთ როგორ დაძლიოთ სიზარმაცე მარტივად, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოთ.
გაქვთ გრძელვადიანი გეგმები, რომელთა მიღწევის სურვილიც მოტივაციით გავსებთ?
თუ თქვენი პასუხია „არა“ მაშინ ბუნებრივია, რომ სიზარმაცე ხშირად გიტევთ. თუ არ გაქვთ მიზანი, რომლის მიღწევაც გინდათ, მაშინ ვერც ვერაფერს მიაღწევთ და დასაკარგიც არაფერი გექნებათ. დროის ფლანგვა ერთადერთია, რაც იდეალურად გამოგივათ.
პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია იპოვოთ მიზანი, რომლის მისაღწევადაც არასოდეს დაგეზარებათ მუშაობა.
თუ ზუსტად არ იცით, რა არის შემდეგი რაც უნდა გააკეთოთ, მაშინ ნამდვილად შეგაწუხებთ სიზარმაცე. საღამოობით, მომდევნო დღის დაგეგმვა არამხოლოდ შესასრულებელი საქმეების დალაგებაში დაგეხმარებათ, არამედ გონებას შრომისთვის განაწყობს.
მომდევნო დღეს შესასრულებელი საქმეების სიის ჩამოწერა ყველაზე რთული დავალებებით დაიწყეთ, რომელსაც დილის საათებში მოიშორებთ. საღამოსთვის, როდესაც ყველაზე ხშირია სიზარმაცის შემოტევები, რაც შეიძლება ადვილი საქმეები მოიტოვეთ.
დაიმახსოვრეთ, სიზარმაცე გადამდებია. თუ ყოველდღიურად დროს ზარმაც ადამიანებთან ერთად ატარებთ, ვისაც არც სამსახური აქვთ და არც მიზნები, რომლებსაც უნდა მიაღწიონ, მაშინ თქვენც გაზარმაცდებით. მნიშვნელოვანია დრო ისეთ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, ვინც შთაგონებითა და ახალი იდეებით აგავსებთ.
გაეცანით წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს. გაიგეთ რა გზა გამოიარეს, რათა მიზნებისთვის მიეღწიათ და მოარგეთ ის თქვენს ცხოვრებას. ასე გაცილებით მოტივირებული და ენერგიული იქნებით.