გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბევრ ადამიანს ალერგია აწუხებს. ალერგიის გამომწვევი მიზეზი კი ხე-მცენარეების ყვავილობაა.
სეზონთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, მადონა დევიძეს ვესაუბრეთ.
_რომელი ალერგიული დაავადებები მწვავდება გაზაფხულზე?
_გაზაფხულიდან იწყება მცენარეების ყვავილობა. ზოგიერთ ადამიანში ეს მცენარეები იწვევენ პოლინოზს – მცენარეულ ალერგიას. მცენარეული ალერგია გამოწვეულია მცენარეთა მტვრით, რომელიც ჰაერის საშუალებით ვრცელდება მათი ყვავილობის დროს. სხვა და სხვა სეზონზე სხვა და სხვა მცენარეთა ჯგუფი ყვავის.
პოლინოზი შეიძლება სხვადასხვა პაციენტებში სხვადასხვა სახით გამოვლინდეს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი იქნება სამიზნე ე.წ შოკ ორგანო. თუკი სამიზნე ორგანოა ცხვირი, პოლინოზი გამოვლინდება ალერგიული რინიტის სახით, თვალი – ალერგიული კონიუნქტივიტის სახით, ბრონქი – პოლინოზური ასთმით, იშვიათად შეიძლება პოლინოზის კანისმიერი გამოვლინებებიც შეგვხდეს.
_ რომელი თვიდან უფრო შეინიშნება ალერგიის სიმპტომების გამოვლენა?
_ მცენარეები ყვავილობას იანვრის ბოლო/თებერვლის დასაწყისიდან იწყებენ, წელს მაგალითად ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი ალერგენობის მქონე მცენარე კვიპაროსმა თებერვლიდან დაიწყო ყვავილობა, შესაბამისად სიმპტომებიც მასზე ალერგიის მქონე პაციენტებს თბერვლის თვიდან დაეწყოთ.
_ რა ასაკიდან ვლინდება ადამიანებში?
_ მცენარეული ალერგიით ძირითადად მოზრდილები ავადობენ, თუმცა ის შეიძლება 3-4 წლის ასაკის ბავშვებსაც გამოუვლინდეს.
_ რა სახით ვლინდება სეზონთან დაკავშირებული ალერგიები?
- ცხვირის გაჭედვა
- მრავალჯერადი ცემინება
- უხვი წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან
- ცრემლდენა
- თვალების ქავილი
- ყელის ქავილი
- ხველა
- ხმაურიანი სუნთქვა/ვიზინგი
- გამონაყარი კანზე
_ როგორ უნდა მოხდეს პრევენცია? როგორ დავიცვათ და ავარიდოთ თავი ამ ალერგიებს?
- დროულად მიმართეთ ექიმს, დაიწყეთ მკურნალობა ყვავილობის სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე
- მოერიდეთ გარე აქტივობებს მზიან და ქარიან ამინდში
- ატარეთ მზის სათვალე
- მიიღეთ შხაპი სახლში დაბრუნებისას
- გაიხადეთ და გარეცხეთ სამოსი, რომელიც გეცვათ გარეთ ყოფნის დროს
- თეთრეული და სამოსი გააშრეთ შენობაში ან საშრობში
- არ გააღოთ მანქანის ან სახლის ფანჯრები, გასაკუთრებით დილით და მზიან ამინდში
- გამოიყენეთ კონდიციონერები, მტვერსასრუტები HEPA ფილტრებით
- გამოირეცხეთ ცხვირი ხშირად მარილიანი ხსნარებით
_როგორ გავაძლიეროთ იმუნური სისტემა, რომ ამ პრობლემამ ნაკლებად შეგვაწუხოს?
_ სამწუხაროდ პოლინოზზე ზოგადი გამაჯანსაღბელი პროცედურები არ მოქმედებს. ერთადერთი გზა, რომელიც გვაძლევს საშუალებას თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება, არის იმუნოთერაპია, ანუ შეგუება იმ ალერგენთან, რომელიც პაციენტისათვის არის საზიანო.
ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია ან იგივე ალერგიული ვაქცინაცია უსაფრთხო მეთოდია, რომელიც 100 წელზე მეტი ხანია გამოიყენება მედიცინაში. ის ტარდება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებშიც. ეს არის არა სიმპტომების მკურნალობა, არამედ მიზანმიართული მკურნალობა დამნაშავე ალერგენის მიმართ ალერგიის შესამცირებლად.