გურიაში, ზოგადად დასავლეთ საქართველოში, მწარე გოგრა _ აყირო, ყოველთვის მოჰყავდათ და გამოიყენებოდა ღვინისთვის თუ არყის ხდის დროს, გამოსახდელი მასალის ამოსაღებად.
მოგვიანებით ინტერესი მინელდა. თუმცა, ბოლო პერიოდში, აგროტურისტული მიმართულების განვითარების კვალდაკვალ, პირიქით, ინტერესი გაძლიერდა. ვის სიმბოლურად, ვის მხოლოდ სანახავად, ვის კიდევ დეკორატიული თვალსაზრისით და სტუმრების დასაინტერესებლად, სურს დათესოს და თავად გაზარდოს ეს მცენარე საკუთარ ნაკვეთში.
აგრონომი აკაკი ღლონტი, ჩვენი თხოვნით, გვესაუბრება მწარე გოგრის შესახებ:
_ ეს არის ერთწლიანი მცენარე, გოგრისებრთა ოჯახიდან. ხვიარა ღერო აქვს. არის როგორც სქელი, ისე _ თხელქერქიანი.
გურიაში, იმერეთში მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად, გურიაში ორშიმოდ, ზოგი კოშს ეძახის, იმერეთში ხრიკას უწოდებენ.
ზოგადად, ჩვენში ხშირად იყენებდნენ მას, როგორც ღვინისთვის, ისე საწყაოდ.
საკუთარ კარმიდამოში ახლაც მომყავს. ჩვეულებრივად დათესავ. ნოყიერი ნიადაგი ყველა მცენარეს სჭირდება. თუ გვალვაა, მორწყვას საჭიროებს. გვალვა გამძლე არაა.
თავდაპირველად მწვანე ფერისაა, მოგრძო ყელი აქვს, მსხვილი მუცელი. შემოდგომის ბოლოს, ზოგჯერ უფრო ადრეც, გაჩალისფერდება. წარმოიდგინეთ, როგორ მიმდინარეობს სიმინდის ვეგეტაცია. გახმება ღერო, ამის შემდეგ ჩამოიღებთ. ყუნწის ბოლოს, ზემოთ, გადავჭრით. დავდოთ ასე. შევატყობთ, თესლი როცა ხმელი იქნება, რაკარუკს დაიწყებს.
გამოყენების მიზნით, ერთ მხარეს, სამკუთხედის ფორმით ან რომბისებურად ამოვჭრით. ამოვაცლით თესლს. კარგად გამოვასუფთავებთ. ყუნწთან გრძელ ტარს გავუკეთებთ (საამისოდ რომელიმე მცენარის (თხილის, წაბლის, წყავის…) სწორ, გათლილ ჯოხს გამოვიყენებთ.
თესლს შევინახავთ მშრალ ადგილზე.
შეგიძლიათ, როგორც ლამაზი, დეკორატიული მცენარის ნაყოფი, სასურველ ადგილზე დადგათ. მოხატოთ, ჩააწყოთ შიგ ყვავილები. ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, _ ამბობს აკაკი ღლონტი.