მეცნიერების მტკიცებით, ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაახლოებით 4 ათასი წლის წინ გაჩნდა მესოპოტამიაში, სადაც დღესასწაულის დღეებში ეწყობოდა ღმერთების ქანდაკებების აღლუმი. ადგილობრივები ჯერ ქალაქის ქუჩებში დაატარებდნენ გიგანტურ ფიგურებს, მერე კი, რიტუალურ ბრძოლას მართავდნენ, რომელიც ქაოსის ძალებზე ღმერთების გამარჯვებას და სამყაროს განწმენდას განასახიერებდა.
მოგვიანებით დღესასწაული უძველეს რომში გავრცელდა, სადაც ახალი წელი ჯერ გაზაფხულზე, მეტწილად მარტის თვეში აღინიშნებოდა, მერე კი, პირველ სექტემბერს გადაინაცვლა, რადგან სწორედ ამ დღეს ირჩევდნენ რომაელები ახალ კონსულს, თუმცა ძველი წელთაღრიცხვით 46 წელს იულიუს კეისარმა ახალი „იულიანური“ კალენდარი შემოიღო და საბოლოოდ განსაზღვრა პირველი იანვარი წლის დასაწყისად. სხვათა შორის, სახელი იანვრის თვემ – არჩევანისა და ყველა საწყისის ღმერთს – ორსახოვანი იანუსის პატივსაცემად შეიძინა, რომელიც ერთი სახით წინ, მეორით კი უკან იყურებოდა და წარსულის მომავალთან უწყვეტ კავშირს განასახიერებდა.
უძველესი ჩანაწერების თანახმად, ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებული ხალისით რომაელები აღნიშნავდნენ, რომლებიც უგემრიელესი კერძებით, ღვინით უმასპინძლდებოდნენ ერთმანეთს და არც მონეტებს იშურებდნენ. იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსისთვის კი, იძულებით აგროვებდნენ ოქროს მონეტებს სკივრში, რადგან სწორედ მოქალაქეების ხელგაშლილობა განსაზღვრავდა მის კეთილგანწყობას.
ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მე-16 საუკუნეში გაჩნდა გერმანიაში, სადაც მორთულობა სრულად შეესაბამებოდა ქრისტიანულ სიმბოლიკას – ტოტებზე დაკიდული ვაშლები სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფს განასახიერებდნენ, სანთლები ანგელოზურ სიწმინდეს ნიშნავდა, ვარსკვლავი კი, ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოდ ითვლებოდა. ლეგენდის თანახმად, ნაძვის ხის ამგვარი მორთულობა პროტესტანტიზმის ფუძემდებელმა მარტინ ლუთერმა შემოიღო, რომელმაც წარმართთა ტოტემური ხის რელიგიასთან დაახლოება მოინდომა და მრევლს ქრისტიანული სიმბოლოებით სთხოვა მისი გაკეთილშობილება.
საუკუნეების წინ ნაძვის ხე მეტწილად ნუგბარით – ვაშლით, თაფლაკვერით, თხილითა და კანფეტით ირთვებოდა, შუშის ბურთები და სხვა „სამკაული“ კი, მხოლოდ 100 წლის წინ გაჩნდა გერმანიაში, სავარაუდოდ მოუსავლიანი სეზონის გამო, როცა ვაშლის სიმცირით შეწუხებულმა ბავარიელმა მინამბერებმა დეფიციტური ხილი შუშის მრგვალი ბურთებით ჩაანაცვლეს.
































































