რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იგონებდა:
„ერთხელ თბილისში ჩამოსული ცნობილი რუსი მსახიობი ალექსანდრე პოპოვი ესწრებოდა სპექტაკლს „კოლმეურნის ქორწინება“, რომელშიც ხარიტონის როლს გენიალური გიორგი შავგულიძე ასრულებდა.
სპექტაკლი რომ დამთავრდა, მთხოვა, გამეცნო ხარიტონის როლის შემსრულებელი მსახიობი. რა თქმა უნდა, წავიყვანე გიორგის ოთახისკენ. სანამ მასთან ავედით, უკვე გრიმი მოეხსნა და წელამდე შიშველი ონკანს შესდგომოდა. იბანდა.
პოპოვს დავანახვე გიორგი. მან შეხედა ამ ათლეტური აღნაგობის ულამაზეს მამაკაცს, საერთო რომ არაფერი ჰქონდა ხარიტონთან, გაოცებული მომიბრუნდა და მითხრა: – ხარიტონის ნახვა მინდა, ხარიტონისო. მეც ვუთხარი: ეს გახლავთ-მეთქი ხარიტონი.
პოპოვის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მივიდა გიორგისთან, მოეხვია და სველი გულმკერდი დაუკოცნა, შემდეგ კი უთხრა: – ან თქვენ უნდა ჩაგიყვანოთ მოსკოვში, ან ჩვენი თეატრი უნდა ჩამოვიყვანო თბილისში, რომ გავაგებინო, რას ნიშნავს კომედიური მსახიობიო“.