სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარება, თავდაპირველად, მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში შერეული სახით, ნაწილში კი მონეტარული ფორმის იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ორივე ტიპის დახმარება 2019 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში გაიცემა, საბოლოო სახეს კი მოგვიანებით აირჩევენ.
მინისტრის განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანა ბავშვთა დახმარებაზე სხვადასხვა მეთოდს იყენებს.
“ზოგი ქვეყანა იყენებს მხოლოდ მონეტარულს, ზოგი შერეულს: მონეტარულს და მიზნობრივ ვაუჩერებს, რომლებიც კვებისა და ტანსაცმლისთვის არის განკუთვნილი. რამდენიმე ქვეყანას ამ მიდგომების ეფექტურობის შესახებ კვლევა აქვს ჩატარებული და ისინი იყენებენ სპეციფიკურ მიდგომებს. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში არის უმეტესად მხოლოდ მონეტარული, აშშ-ში არის შერეული. ჩვენს შემთხვევაში იუნისეფთან კონსულტაციით გადავწყვიტეთ, რომ პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ეს იქნება შერეული, რომლის შედეგების შედარებაც 6 თვის განმავლობაში მოხდება ანუ გარკვეული ლოგიკით არჩეულ მუნიციპალიტეტებში იქნება მხოლოდ მონეტარული, ხოლო სხვაგან შერეული. 6 თვის შემდეგ ზეგავლენის ეფექტურობას გავზომავთ და რომელიც უფრო შედეგის მომცემი იქნება, ამ გზით გავაგრძელებთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
2019 წლიდან 144 ათასზე მეტი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს. 2 ნოემბერს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16-წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას.