“პატივცემულო რედაქცია!
გთხოვთ, მოგვაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია, როგორ მოვამზადოთ ჟიჟა, წუნწუხი და შემდეგ როგორ მოვიხმაროთ.
საკმაოდ გამოცდილი მეურნეებიც კი, ხშირად გვეუბნებიან, რომ ჟიჟა და წუნწუხი ერთი და იგივეა; არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ წყალს დაასხამ ნაკელს და ასე შემდეგ!
ველოდებით თქვენს რჩევებს!
პატივისცემით,
ხათუნა ცინარიძე, ნინო ჩავლეშვილი, ნატო ნიკოლაიშვილი, მერაბ პატარაია, ნონა მელუა.
ოზურგეთი”
სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, საუკეთესო გარემო და საშუალება აქვთ, ნებისმიერ დროს მოამზადონ ბიოსასუქი მცენარეებისთვის, რაც ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღების გარანტიაა. აქვე მივანიშნებთ, რომ ჟიჟა და წუნწუხი ისეთივე წესით შეგიძლიათ მოიხმაროთ ყვავილებისთვის, როგორც სხვა მცენარეებისთვის.
ჟიჟა და წუნწუხი იმდენად აქტიური ბიოსტიმულატორებია, თუ კარგად დავიცავთ მომზადების და მოხმარების წესებს, აუცილებლად საუცხოო შედეგი გექნებათ.
ჟიჟა
ჟიჟა უნდა მოვამზადოთ ასე: ავიღოთ კასრი ან სხვა მედეგი ჭურჭელი, რომელშიც შესაძლებელი იქნება ნაკელის ჩაყრა, მასზე წყლის დასხმა და მერე აქტიურად მორევა. ჭურჭელს (კასრს) აუცილებლად უნდა მოვუძებნოთ მჭიდრო თავსახური. თავზე მხოლოდ მორევის დროს უნდა გადავაძროთ და სასწრაფოდ დავახუროთ. თავსახური იყოს მთელი და წყალგაუმტარი, რომ წვიმის წყლით არ დაირღვეს თანაფარდობა. უმჯობესია, კასრი ღია სივრცეში იდგეს.
კასრში თუ ჩავყრით 20 კილოგრამამდე ნაკელს (ან რამდენიც ეტევა, წყალთან ერთად), უნდა დავასხათ 20 ლიტრი წყალი. ანუ თანაფარდობა ერთი ერთზეა. დავდგათ ისეთ ადგილზე, სადაც მზე ხშირად წვდება. მოვამზადოთ მოსარევი მსხვილი ჯოხი და დღეში ერთხელ მაინც (შეგიძლიათ, ორჯერაც) მოვურიოთ. ასე გავაგრძელოთ, სულ ცოტა, ორი კვირის მანძილზე. თუ ცხელი ამინდებია, ათ დღეშიც მზად იქნება. ამას მიხვდებით, როცა მასას თავზე ბუშტუკები გაუჩნდება.
როგორ ჩავუსხათ მცენარეს ჟიჟა ფესვებთან? ეს მასა მოვამზადოთ ასე: კარგად მოვურიოთ და ამოვიღოთ ერთი ლიტრი ჟიჟა. დავასხათ ცხრა ლიტრი წყალი. შემდეგ, ეს მასა, ერთ ძირ მცენარეს (პომიდორს, კიტრს, ბადრიჯანს, ლობიოს…) დავუსხათ ერთი ლიტრის ოდენობით. ესე იგი, ათი ლიტრი მხოლოდ ათი ძირის სამყოფია.
მცენარისთვის ჟიჟის ჩასხმა უნდა მოხდეს წვიმის შემდეგ, საღამოს ან დილას. თუ გვალვებია, ან ცხელი ამინდები, ასევე, ადრე დილას ან გვიან საღამოს ჩაუსხით. ბოსტნეული და ყვავილები მალევე მორწყეთ მტკნარი, გრილი წყლით.
არ დაუშვათ ჟიჟის პირდაპირ მისხმა, თუნდაც მრავალწლოვან ხეხილოვანზე. გახსოვდეთ, რომ წყლით გაზავების გარეშე, ჟიჟა ისევე საზიანოა, როგორც წამლის ზედმეტი დოზა!
წუნწუხი
საამისოდ ცხოველების სადგომთან სპეციალური ავზი უნდა იყოს დამონტაჟებული ან ამოშენებული ისე, რომ ორმოდან წყალმა არ გაჟონოს. ორმოსკენ მიმართული უნდა იყოს სპეციალური შარდსავალი ღარი. აქ მოგროვდება პირუტყვის ჩამონადენი შარდი.
წუნწუხს ლოდინი არ სჭირდება დასადუღებლად _ თანდათან ხდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, წუნწუხიც თავდახურული უნდა იყოს.
წუნწუხს როცა ამოვიღებთ, ერთ წილზე დავასხათ ერთი წილი წყალი (ერთი ერთზეც დასაშვებია). შემდეგ კი ბოსტნეულ კულტურებს, ჩავუსხათ ერთი ლიტრი, ხეხილოვნებს კი _ ორი ლიტრი. ამინდი და დრო ზუსტად ისე შეარჩიეთ, როგორც ჟიჟის მოხმარებისას გირჩიეთ.
საქონლის შარდი ძალზე მდიდარია აზოტით და მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს არაორგანული სასუქი.
თუ გვინდა გვქონდეს ბიოპროდუქცია, ნუ დაივიწყებთ ამ უძველეს მეთოდებს. მით უფრო, სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ საუცხოო შესაძლებლობა, ყოველგვარი ეკონომიკური დანახარჯის გარეშე მოამზადონ ასეთი ბიოსასუქი.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე