„ბიჭებო, ომი დამთავრებულია,“ – იყვირა მან. – „შეგვიძლია შინ წავიდეთ – მათი პრეზიდენტი შევიპყარით”,_ ასე შესძახა დონეცკის ერთ-ერთ პატარა სოფელში მოსახლეობის შემოწმებისას რუსმა ჯარისკაცმა და გაიცინა.
საქმე იმაშია, რომ 64 წლის პენსიონერი ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოჩნდა.
როგორც გამოცემა AFP წერს, უკრაინის პრეზიდენტის სეხნია 1958 წელს მეშახტის ოჯახში დაიბადა, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში. ზელენსკი საბჭოთა არმიაში მსახურობდა და შემდეგ მშენებლობაზე მუშაობდა.
მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თავის მოსახელე პრეზიდენტს არასდროს შეხვედრია და მასთან არც ნათესაობა აკავშირებს, თითქმის მთელი ომის განმავლობაში, რუსულ ბომბებს საკუთარი სახლის სარდაფში ემალებოდა და სოფელი მეუღლესთან, ვალენტინა ზელენსკასთან ერთად არ დატოვა.
„რამდენიმე წლის წინ მოწევას თავი დავანებე, მაგრამ ახლა ისევ დავიწყე,“ – ეუბნება ზელენსკი AFP-ს, რომელმაც მის შესახებ ეს რეპორტაჟი მოამზადა.
ვალენტინა შინ გასულ თვეს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ სოფელი რუსეთის ოკუპაციისგან გაათავისუფლა. თუმცა ახლა იქაურობა მიტოვებული რუსული არტილერიითაა სავსე და აფეთქებების ხმაც ხშირად ისმის.
„ეს ჯერ ვერ მიეჩვია,“ – ეუბნება ვოლოდიმირი ჟურნალისტებს და ძველ ალბომში ნაპოვნ ფოტოს უჩვენებს. ფოტოზე ის ასე 40 წლისაა, მწვანე სამხედრო ფორმაში.
„მგონი მაინც არ ვგავარ პრეზიდენტს. არა, სრულიად არა.“
„ჰგავხარ!“ – არ ეთანხმება ცოლი.
„რომელ პრეზიდენტზე ამბობ? ბაიდენზე?“ – იცინის ზელენსკი.
ზელენსკი უკრაინაში გავრცელებული გვარია, თუმცა დონეცკელი ზელენსკები სხვა ვოლოდიმირ ზელენსკის არ იცნობდნენ, მანამ, ვიდრე ერთ-ერთი 2019 წელს ქვეყნის სათავეში არ მოვიდა.
პენსიონერმა ზელენსკიმ მაშინ თავის სეხნიას მისცა ხმა.
„კარგი ახალგაზრდაა, ჭკვიანი,“ – ამბობს ვოლოდიმირი, თუმცა უკმაყოფილოა, რომ პრეზიდენტი ომის დასამთავრებლად რუსეთთან მოლაპარაკებებს არ ცდილობს. – „ხალხი მეტს ვეღარ გაუძლებს“.
ოთხშაბათს, იმ დღეს, როდესაც ზელენსკებთან უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ, წყვილს ქორწინების 22 წელი შეუსრულდა.