დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს როგორ უნდა მოიქცნენ კოვიდინფიცირებულთან კონტატქში მყოფი ადამიანები.
„ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი 12 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში და თუ ამ დროის განმავლობაში განვითარდა უკვე ჩამოთვლილი სიმპტომები ან ყნოსვის და გემოს დაკარგვის შეგრძნება, დაუყონებლივ უნდა მიმართონ ექიმს“,_ ამბობს გამყრელიძე.
გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებოდნენ.
გამყრელიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევაში ადამიანი პანიკაში არ უნდა ჩავარდეს და ექიმის რეკომენდაციებს უნდა დაემორჩილოს.
შემთხვევების რაოდენობა რომ მოიმატებდა ნოემბერში, ამის შესახებ ადრეც ვამბობდით. ახლა ხდება ზედდება სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებისა და კოვიდის. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა ცირკულაციაში, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი და გამოკვლევა, რომ დადასტურდეს გვაქვს თუ არა კოვიდი. თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ. ინფიცირებული პიროვნება დაუყონებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან დარეკოს 112-ზე და შემდგომი ნაბიჯები გადადგას მათი კონსულტაციით.
თუ არის ოჯახის წევრები, რომლებსაც კოვიდინფიცირებულთან ახლო, დაუცველი კონტაქტი ჰქონდა, აუცილებელია, ისინიც ყოველგვარი ტესტის გარეშე გადავიდნენ იზოლაციაში და მიმართონ ექიმს.
აუცილებელია, რომ ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები იყვნენ თვითიზოლაციაში. ტესტი უტარდება ყველას ვისთანაც ამის საჭიროება არის“,_ განაცხადა გამყრელიძემ.