დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეთ სისხლის სამართლის საქმესთან.
„შსს ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან”, – განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში გამოკითხვაზე დაგიბარებენ.
საბა ბრაჭველის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინდელი ძალადობის ავტორების დაკავების ნაცვლად, შსს–მ დააანონსა, ხალხს გამოკითხვებზე დავიბარებთო.
ამიტომ, თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ:
- უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;
- თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;
- თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.
- არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ;
- არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ;
- არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ „შედეგებით”, თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.
577070563 – სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი.
1481 – სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა. მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ერთად ვერ მოგვერევიან. ძალა ერთობაშია”, – წერს საბა ბრაჭველი.