გავიწყდებათ შეხვედრის დრო, სადღაც გრჩებათ დოკუმენტები, დაბნეული ხართ… ეს, უმეტეს შემთხვევაში, გადაღლილობის, სტრესების, გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის, მიკროელემენტების დეფიციტის, უძილობის, სამსახურში დაძაბულობის, არასწორი დიეტის ბრალია.
ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ ფსიქოლოგების რჩევები:
– გამოიძინეთ. სრულფასოვანი დასვენება მხოლოდ 7-8 საათის ძილის შედეგია.
– გარკვეული დროით უარი თქვით ყველა ზედმეტ, არააუცილებელ საქმეზე და შეასრულეთ მხოლოდ გადაუდებელი. ერთი დღისთვის ნუ დაგეგმავთ ბევრ საქმეს, რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობანი.
– დააკვირდით, დღე-ღამის რომელ დროს ხართ უფრო აქტიური და ენერგიული და ამის მიხედვით შეადგინეთ დღის განრიგი, მნიშვნელოვანი და ძნელი დავალება გაითვალისწინეთ დროის ამ მონაკვეთში, ადვილი და უსიამოვნო საქმე კი დილით შეასრულეთ. რაც უფრო ადრე მოიშორებთ მათ, მით უკეთეს გუნება-განწყობილებაზე იქნებით.
– ბლოკნოტში ყოველდღიურად ჩაიწერეთ ყველაფერი. სხვათა შორის, ეს საქმიანი ადამიანის იერს მოგანიჭებთ.
ხშირად არაჩვეულებრივი აზრი მოგდით, მაგრამ შემდეგ გავიწყდებათ, ამიტომ ჩაიწერეთ…
ფსიქოლოგები გვირჩევენ: ყველაფერს მიუჩინეთ თავისი ადგილი და აღარ მოგიწევთ საჭირო ნივთების ძებნა.
– მეხსიერებას ააქტიურებს: დააკვირდით მაგიდაზე რა აწყვია (ფანჯრიდან პეიზაჟს), შემდეგ დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ, ზუსტად აღწეროთ დანახული. გაახილეთ თვალები და შეამოწმეთ, რამდენი დეტალი დაიმახსოვრეთ და რამდენი – გამოგრჩათ.
სამსახურში მიმავალმა დაიმახსოვრეთ გზად შეხვედრილი მანქანების ნომრები ან ფერი. გაიხსენეთ ადრე ნასწავლი ლექსები ან ისწავლეთ ახალი.
– სცადეთ, ყურადღების კონცენტრირება იმაზე, რასაც აკეთებთ, და არა ერთდროულად ბევრ რამეზე… მანამ, სანამ ტელეფონის ნომერს ან საჭირო ინფორმაციას წიგნაკში მოძებნით, შეეცადეთ, გაიხსენოთ და შემდეგ შეამოწმეთ, რამდენად სწრაფად გაიხსენეთ.
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ თათბირის დროს რომელიღაც მსმენელი თავის ბლოკნოტში ხატავს ყვავილებს ან ჯღაბნის. გვეჩვენება, რომ ის არ ისმენს; თურმე პირიქით, ეს საქმიანობა მას ეხმარება ყურადღების კონცენტრირებაში და 30%-ით უკეთ იმახსოვრებს გაგონილს; იქნებ თქვენც სცადოთ… დაბოლოს, მიაკითხეთ ექიმს. იქნებ ორგანიზმს სჭირდება ვიტამინები ან წამლები…