კორონავირუსი _ ვირუსი, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორია გურიაში მყოფი ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის ღონისძიებებს იღებენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები იმ ვირუსის პრევენციის მიზნით, რომელსაც ჩინეთში, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩინეთის მოქალაქეები არ იმყოფებიან.
„გადავამოწმეთ სხვადასხვა კომპანიებში და ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩინეთის მოქალაქეები არ მუშაობენ”, _ გვითხრა ჯიბუტმა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ოზურგეთში მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეები კორონავირუსზე შეამოწმეს.
ცენტრის დირექტორის მაია ქუტიძის თქმით, ეს იყო ინფორმაციული შეხვედრა.
“ეს ადამიანები, რომლებსაც საინფორმაციო ბუკლეტები გადავეცით, წლებია ოზურგეთში ცხოვრობენ. როგორც მათგან გავიგეთ, წლებია, ჩინეთში არ ყოფილან”, _ გვითხრა ქუტიძემ.
მიმდინარე წლის 30 იანვარს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან და ეპიდემიოლოგთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთან ერთად, იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში მდებარე კორპორაცია ,,სინოჰიდროს’’ ოფისში და საცხოვრებელ კორპუსებში.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ლადო ჩხაიძე, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, შეხვედრაზე ჩინეთის მოქალაქეებს მიეწოდათ საჭირო ინფორმაცია კორონავირუსის ეპიდსიტუაციისა და პრევენციის საკითხების შესახებ.
„გუშინ ვიყავით მათთან ოფისში მისულები. იმ ადგილას, სადაც ისინი კომპაქტურად არიან დასახლებულები, ამ დროისთვის ჩინეთის 8 მოქალაქე იმყოფება. გვქონდა ინფორმაცია, რომ 150 ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავტობანის მშენებლობა მათ თითქმის დაასრულეს, რის გამოც, დასაქმებულების ნაწილი წავიდა, ნაწილი დარჩა. შესაძლოა, 30 ადამიანი დაბრუნდეს, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, საზღვრები ჩაკეტილია და მათი შემოსვლა დროში იქნება გაწელილი.
რაც შეეხება აქ მყოფ 8 ადამიანს, მათ დიდი ხანია, საზღვარი არ გადაუკვეთიათ. მათი მდგომარეობა ნორმალურია და არანაირი ჩივილები არ გააჩნიათ. უბრალოდ, ჩვენ პრევენციული ღონისძიების ჩატარების მიზნით, გადავეცით ფლაერები, სადაც ჩინურ ენაზეცაა ნაწერი, რომ სცოდნოდათ რას ეხება საქმე. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ავადობის შემთხვევაში მოგვმართონ“, _ გვითხრა ჩხაიძემ.































































