ოზურგეთში, როგორც წინასაახალწლოდ, ისე საშობაოთაც საუცხოო, გაზაფხულივით ამინდია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დღეებში, ბაზარში ხშირად ისმოდა, ბარემ საშობაო პროდუქტიც ვიყიდოთო, დღეს მაინც ბევრი მომხმარებელი ეძებდა შინაური ქათმის კვერცხსა და ადგილობრივი წარმოების ყველს. გურული ღვეზელი ხომ აქ საშობაო და ასევე მოახლოებული კალანდის სუფრის უპირველესი მშვენებაა!
დღეს, დილიდან, ოზურგეთის ბაზარში სოფლის ქათმის კვერცხი, ერთი ცალი 70 თეთრი ღირდა. ერთი კილოგრამი ყველის ფასი, უმეტესად, 17 ლარია. ზოგან 18 ლარსაც აფასებდნენ.
ხილეულიდან, მანდარინით, რომ იტყვიან, გადაყვითლებულია დახლები.
„არა, ბატონო, გადამზევრებულია, რაის გადაყვითლებული. არაა კლიენტი, რომ უნდა იყოს იმფერი და საკალანდოდ ან იაფად გავყიდით, ან დავასაჩუქრებთ ახლობლებს, ვისაც მანდარინი არ აქვს, _ გვითხრა ჯიმშერ ღლონტმა, რომელიც მანდარინს ჰყიდდა.
ზოგი ნავაჭრი ჩანთებით ხელში, სწრაფად მიეშურება შინისკენ.
ყველაზე ძვირი მაინც ინდაურია, რომლის ფასი, სულ ცოტა ას ლარს არ ჩამოსცდა. შედარებით გაიაფებულია გოჭი, ცოცხალი წონა, ზოგან ათი ლარიც იყო. ბაზარში კი 13-14 ლარია.
სრული საზეიმო განწყობა სუფევს ჩიჩილაკების ბაზარში, ცენტრალურ, გურიის ქუჩაზე, სადაც ისინი ყელმოღერებით დგანან. ყველაზე ნაირ-ნაირ ფასებით და ზომით, ტრადიციული გურული „ნაძვის ხეები“, ფუშფუშა სამოსით, მზიან დარში მონებივრეები ელოდებიან მყიდველს.
ავტორი